მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ადვოკატებისთვის სასამართლოში მობილურის შეტანის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრეს

მუხრან ღურწკაია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი მუხრან ღურწკაია, თავის ოთხ კოლეგასთან ერთად, მოითხოვს არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის №76 დადგენილება, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, სასამართლოს სხდომათა დარბაზში მობილურის და სხვა ტექნიკური საშუალებების (ლეპტოპები, სხვა ელექტრონული მოწყობილობები) შეტანა ადვოკატებსაც აეკრძალოთ.

როგორც მუხრან ღურწკაიამ BMGTV-ის გადაცემა წერტილში“ განაცხადა, შესაბამისი საკონსტიტუციო სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შეიტანეს.

ხუთი ადვოკატი (მუხრან ღურწკაია, მერაბ მამულაძე, იმედა ქარქაშაძე, გიორგი მახარაძე, ნათია ჯანელიძე) მოითხოვს, არაკონსტიტუციურად გამოცხდდეს საქართველოს საერთო სასამართლოებში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის უკანონოდ განხორციელების პრევენციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის 76 დადგენილება, რომლითაც სასამართლოში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციისა და აუდიოჩაწერის უკანონოდ განხორციელების პრევენციის წესი დამტკიცდა.

კონსტიტუციის რომელი მუხლები ირღვევა სადავო დადგენილებით?

მოსარჩელეები მოითხოვენ დადგენილების პირველი და მესამე მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობას და ასევე, შუამდგომლობას აყენებენ, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დაუყოვნებლივ შეჩერდეს სადავო ნორმატიული შინაარსის მოქმედება.

როგორც ხუთი ადვოკატის საკონსტიტუციო სარჩელშია აღნიშნული, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის 76 დადგენილებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი - შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით; საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადება - ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით.“

კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობა, მოთხოვნის არსი და დასაბუთება

„2025 წლის 19 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტის კითხვას - „სასამართლო სხდომათა დარბაზში მობილურების შეტანის აკრძალვა ეხება თუ არა ჟურნალისტებს, პროკურორებს, ადვოკატებს, დამსწრეებს?“ უპასუხა - „რეგულაცია არის ისეთი, რომ ეხება ყველას“. კითხვა: „ეს [აკრძალვა] შეეხება ლეპტოპებსაც, მობილურ ტელეფონებსაც..?“ პასუხი: „ნებისმიერ ტექნიკურ საშუალებას, რომლითაც შეიძლება ჩანაწერი განხორციელდეს.“

ასევე, სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ მის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ ფეისბუქ პოსტთან დაკავშირებით, რომლითაც სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე უთითებდა, რომ არსებული შეზღუდვა არ გავრცელდებოდა ადვოკატებზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე უპასუხა - „არ ვიცი, ყველას თავისი მოსაზრება აქვს. იმან [საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ] რატომ დაამშვიდა [ადვოკატები] არ ვიცი და რატომ განმარტავს კანონმდებლობას ასე“.

ამასთან, საერთო სასამართლოების სისტემაში არსებულ სასამართლო სხდომის დარბაზებში, მათ შორის, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობაში უკვე მოწყობილია შემნახველი ყუთები.

გასაჩივრებული დადგენილების ნორმატიული შინაარსიდან და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის ინტერვიუდან იკვეთება გარემოება, რომ სასამართლოების ადმინისტრაციულ შენობებსა და ეზოს ტერიტორიაზე სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატები ვეღარ შევძლებთ ისეთი ტექნიკური საშუალებების (გარდა ტელეფონებისა) შეტანას, რომლებსაც გააჩნიათ ფოტო, ვიდეო, აუდიო ჩაწერის ფუნქცია, ხოლო უშუალოდ სასამართლო სხდომის დარბაზში თუმცა, ამავდროულად, აუცილებელია ჩვენი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისთვის“, - წერია კონსტიტუციურ სარჩელში, სადაც მოსარჩელეები სარჩელის საფუძვლიანობას ასაბუთებენ.

ადვოკატ მუხრან ღურწკაიას იმედი აქვს, რომ ვინაიდან დადგენილება პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს სწორ და ობიექტურ გადაწყვეტილებას.

ამასთან, მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკაში ჯერ არ ყოფილა მობილურების ჩამორთმევა, კანონი უკვე არსებობს და მისი აღსრულება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, რაც უხეშად დარღვევს მათ კონსტიტუციურ უფლებებს, პროფესიული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებასა და შრომის თავისუფლებას და სწორედ ამიტომაც გადაწყვიტეს საკონსტიტუციო სარჩელის შეტანა, ვიდრე შეზღუდვა პრაქტიკაში ამოქმედდებოდა.

მუხრან ღურწკაიას ადვოკატთა ასოციაციის მენეჯმენტს აკრიტიკებს

წერტილთნ“ ინტერვიუში მუხრან ღურწკაიამ არაერთხელ გააკრიტიკა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი მენეჯმენტი პასიურობის გამო.

“ადვოკატთა ასოციაციის ამჟამინდელ ხელმძღვანელობა მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ "კონტაქტები აქვთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან"… ეს არ არის საკმარისი: "რა ვუყოთ იმას, რომ არსებობს კანონი?! ის პირი ხვალ რომ არ იყოს იმ თანამდებობაზე და ვიღაცამ რომ აღასრულოს ეს, ხომ არის შესაძლებელი?! აქედან გამომდინარე, ჩვენ დავიწყეთ სამართლებრივი მოქმედებები… ზოგადად, ადვოკატის უფლებები ქვეყანაში რომ ირღვევა, ეს არის ფაქტი და არაერთი საქმეები ყოფილა... თუ ადვოკატი არ არის ქვეყანაში დაცული, რიგითი მოქალაქე როგორ უნდა დაიცვას თავი?!“ - აცხადებს მუხრან ღურწკაია.

რატომ არ გასაჩივრდა საკონსტიტუციოში სასამართლოში მედიისთვის ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვა?

წერტილის“ წამყვანმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატს ჰკითხა, რატომ არ გაასაჩივრეს 76 დადგენილების მეორე მუხლი, რომელიც უკვე ძალაშია და რომლის მიხედვით, სასამართლოში (სასამართლოს ეზოში, შენობაში, სხდომის დარბაზში) ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების წარმოება, ტრანსლაცია, აუდიოჩაწერა მედიასაშუალებებს აეკრძალათ.

მუხრან ღურწკაია განმარტავს, რომ ვინაიდან აღნიშნული მუხლი უშუალოდ ადვოკატს არ შეეხება და შესაბამისად, უფლებადამცველები მხარეს არ წარმოადგენენ, არსებობდა რისკი, რომ სასამართლოს განხილვაზე უარი ეთქვა, თუმცა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი ირწმუნება, რომ მედიასაშუალებების მიმართვის შემთხვევაში, ის მზადაა, საკონსტიტუციო სასამართლოში ჟურნალისტების ინტერესი დაიცვას.

რატომ დაიკეტა სასამართლო მედიისთვის?

რატომ დაიკეტა სასამართლო მედიისთვის? - ადვოკატ მუხრან ღურწკაიას შეფასებით, სასამართლო დარბაზების "ჩაკეტვა" და გადაღების აკრძალვა მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას გარკვეულწილად ეშინია საზოგადოებისთვის რეალური ინფორმაციის მიწოდების.

"რეალურად, როცა გაშუქება არ ხდება, ამას საზოგადოება ვერ იგებს. რა თქმა უნდა, კონკრეტულ საქმეებში და შეიძლება ბევრ საქმეშიც, გარკვეული უსამართლობები არის ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ და ბუნებრივია, ამის გაჟღერება არავის არ სურს საზოგადოებაში. ამიტომ ხდება ჩაკეტვა“, - ამბობს კანდიდატი.

მუხრან ღურწკაიამ წერტილთან“ ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ 2013 წელს სასამართლო სხდომათა დარბაზების გახსნა დიდი გამარჯვება იყო და ახლა, 2025 წელს, როცა სასამართლო ისევ დაიკეტა, ეს აზიანებს არა მხოლოდ ადვოკატებს და მედიას, არამედ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის ხარისხს".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები