„არ შეიძლება, ერთს მისცე თოხი, მეორეს - კომბაინი და უთხრა, რომ ერთნაირი რაოდენობის მოსავალი აიღონ... ჩვენ, პრაქტიკულად თოხი მოგვცეს ხელში", – საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარე, ადვოკატი ქეთი ქვარცხავა ამ ხატოვანი მაგალითით ასაბუთებს, თუ რატომ არის ტექნიკური საშუალებები, მათ შორის მობილური ტელეფონი და კომპიუტერი, სასამართლო დარბაზში ადვოკატისთვის აუცილებელი.
საქმე ის არის, რომ შესაძლოა, სასამართლოში მობილურის შეტანაც კი აკრძალონ და ეს შეზღუდვა ადვოკატებსაც შეეხოთ. ამას ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის №76 დადგენილება, აღნიშნული, ფაქტობრივად, დაადასტურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ სასამართლოზე ტელეფონის ჩამორთმევა ყველას ეხება. რაც შეეხება იმას, როდიდან ამოქმედდება სასამართლოს შენობებში ტექნიკის ჩამორთმევის პრაქტიკა, დიმიტრი გვრიტიშვილმა კონკრეტული ვადა არ დაასახელა.
ამ თემაზე საუბრისას ქეთი ქვარცხავამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ არაერთი კონკრეტული არგუმენტი მოიშველია.
„როდესაც მრავალმილიონიანი დავები მიგვაქვს სასამართლოში, მილიონი ციფრი გვაქვს, გაანგარიშებები გვაქვს, ტომებად გვაქვს დოკუმენტები... აუცილებლად ქაღალდებში უნდა ჩავეფლოთ?! პროგრესმა გაამარტივა სამუშაო პროცესი და არ შეიძლება, უკან დავბრუნდეთ“, - ამბობს ადვოკატი.
მისივე თქმით, ადვოკატებისთვის სასამართლოს დარბაზში მობილურის აკრძალვის საკითხი, რომელიც ზოგჯერ "კოსმეტიკურ ცვლილებად" მოიაზრება, რეალურად უფრო ღრმა, ფუნდამენტურ პრობლემას ამჟღავნებს და პროცესის მონაწილეებს შორის უფლებრივ უთანასწორობას კიდევ უფრო აღრმავებს.
"ადვოკატის უფლება არ არის გათანაბრებული პროცესის სხვა მონაწილეების უფლებებთან. მაგალითად, თუ პროკურორი მანქანით შევა სასამართლოს ავტოსადგომზე, კარებთან დააყენებს... აიტანს ტელეფონს... და ა.შ. ასეთი უფლებებით ადვოკატი არ სარგებლობს“, - ამბობს ის და იქვე დასძენს, რომ ამ მაგალითითაც ჩანს, რომ ადვოკატი და პროკურორი, რომლებიც იდეაში ერთი და იმავე პროფესიის წარმომადგენლები არიან (სამართლის ინტერესებს ემსახურებიან), არათანაბარ პირობებში არიან ჩაყენებულნი.
- დღეს ადვოკატებს თოხი გიჭირავთ ხელში?
- დიახ. თოხი გვიჭირავს და თოხის ტარზე ვკამათობთ...
ქეთი ქვარცხავა იმ ადვოკატების სიაშია, ვისაც მიაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 76-ე დადგენილებით, სასამართლოში მობილურის აკრძალვა ადვოკატებზეც ვრცელდება.
„თუ აკრძალვა ძალაში შევა, ადვოკატებს ძალიან მწვავე რეაქცია უნდა ჰქონდეთ“, - ამბობს ის.
სიფა-ს თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ სხვა პრობლემურ საკითხებთან ერთად, ადვოკატებისთვისაც მობილურების აკრძალვა ის თემაა, რაზედაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია უფრო მეტად უნდა აქტიურობდეს.
ცნობისთვის: საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის („სიფას“) ადვოკატები 14 დეკემბერს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, მაგრამ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებენ. სიფა-მ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის საბჭოსა და სარევიზიო კომისიის წევრობის კანდიდატთა 19-კაციანი სია წარადგინა.
„სიფა“ არის იურიდიული ფირმების პროფესიული გაერთიანება და ჩვენთვის ადვოკატის როლის გაძლიერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასოციაცია, სამწუხაროდ, ვერ პასუხობს, ჩვენი პროფესიის წინაშე მდგარ გამოწვევებს, მის საქმიანობაში ათწლეულზე მეტია ჩართულია ადვოკატთა მცირე ჯგუფი და ადვოკატთა უმეტესობისთვის არც პროფესიული განვითარებისთვის, ან ადვოკატთა უფლებების გაფართოებაზე ზრუნვისთვის ასოციაცია ნაკლებად ზრუნავს. რჩება შთაბეჭდილება, რომ ადვოკატთა ასოციაციამ დაკარგა კავშირი ადვოკატებთან და მხოლოდ ცალკეული, უმნიშვნელო, კოსმეტიკური საკითხების გადაჭრა მიაჩნია მიღწევად და ყურადღების მიღმა რჩებათ ფუნდამენტური საკითხები, რაც ართულებს და ზოგჯერ შეუძლებელს ხდის ადვოკატის ფუნქციის განხორციელებას“, - აცხადებენ სიფა-ში.




























