ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა. ამიერიდან, მისი სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში წარიმართება. შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლოში პროკურატურამ დააყენა, რაც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დააკმაყოფილა.
პროკურატურის შუამდგომლობის მიხედვით, საქმე თავდაცვის სამინისტროსთან არის დაკავშირებული, სხდომაზე კი მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები დაიკითხებიან, სადაც შესაძლოა, პროფესიული და სახელმწიფო მნიშვნელობის საიდუმლოებები გაჟღერდეს.
აღნიშნულ შუამდგომლობას კატეგორიულად არ დაეთანხმა დაცვის მხარე. როგორც ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განაცხადა, ჯუანშერ ბურჭულაძის საქმეც თავდაცვის სამინისტროს და საიდუმლო შესყიდვებს ეხებოდა, თუმცა ის არ დახურულა.
სხდომის დახურვის წინააღმდეგი იყო თავად ირაკლი ღარიბაშვილიც.
“რა თქმა უნდა, ამ შუამდგომლობას ვეწინააღმდეგები. მინდა საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე, რომ ეს არის ცილისწამებაზე აგებული, პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ პროცესი საჯაროდ და გამჭვირვალედ ჩატარდეს, რათა მთელმა საზოგადოებამ დაინახოს ამ ბრალდების უსაფუძვლობა, კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამ შუამდგომლობას და მოგმართავთ თხოვნით, ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ყოფილ პრემიერ-მინისტრს მიმდინარე წლის აგვისტოში წარდგენილი ბრალით ედავებიან გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტენდერში გამარჯვებული ბიზნესმენისგან ზურაბ ტუკვაძისგან ჯუანშერ ბურჭულაძისთვის ქრთამად გადაცემული 1,5 მილიონი ლარიდან ნახევრის, 750 000 ლარის აღებას. დამტკიცების შემთხვევაში ბრალდება 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
























