მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აეროდრომი, ავიავილები, ავიასკოლა... - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთში | რას მოიცავს პროექტი?

ამბასადორის ავიასოფელი

კახეთში, „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ შენდება. მცირე ავიაციის და ავიატურიზმის განვითარების მიზნით, „ამბასადორი ჯგუფმა“ კაჭრეთში, 16 ჰა-ზე მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო. მისი ერთი ნაწილი დაეთმობა აეროდრომს ასაფრენი ბილიკებით, ანგარითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით, ხოლო მეორე ნაწილზე კი ავიავილების მშენებლობა იგეგმება.

საინვესტიციო პროექტის შესახებ დეტალები BMG-ის „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ დამფუძნებელმა თორნიკე ქებურიამ გაუზიარა. მისი ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო მოცულობის ნაწილს კომპანია საკუთარი რესურსებით ფარავს, ნაწილის დაფინანსება კი „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში მოხდება. თუმცა ავიასოფლის დამფუძნებელი ამ ეტაპზე ინვესტიციის მოცულობის არ აკონკრეტებს.

ავია სოფლის პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე ძირითადი და სათადარიგო ასაფრენი ბილიკები მოეწყობა. ძირითადი ბილიკის სიგრძე 1185 მეტრი, სიგანე კი 18მ იქნება. სათადარიგო ბილიკი სიგანე კი 9 მეტრია. აეროდრომის ტერიტორიაზე აშენდება ასევე სკოლა, რომელიც EASA - ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (European Union Aviation Safety Agency)-ის მიერ იქნება აკრედიტებული, სადაც მსურველებს საჰაერო ხომალდების მართვის შესწავლა შეეძლებათ. კურსების წარმატებით გავლის შემთხვევაში კი როგორც ულტრამსუბუქი საჰაერო ხომალდის მართვის, ასევე კერძო საპილოტე ლიცენზია - Private Pilot Licence (PPL) აიღებენ. აღნიშნული ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია მართოს ულტრამსუბუქი ტიპის საჰაერო ხომალდი, რომელიც გათვლილია 2-6 ადამიანზე.

პროექტის ფარგლებში იგეგმება საავიაციო კლუბის დაფუძნებაც, რომელიც რეგულარულად ავია გამოფენებს, შოუებს უმასპინძლებს და სხვადასხვა პროფილურ ღონისძიებებს გაუწევს ორგანიზებას.

„ჩვენმა კომპანიამ უკვე მოიპოვა დარგში ისეთი წამყვანი კომპანიების წარმომადგენლისა და დილერის სტატუსი, როგორიცაა Bristell, Brm Citius და Diamond“, - აღნიშნავს თორნიკე ქებურია.

აღსანიშნავია, რომ აეროდრომის ტერიტორიაზე მოეწყობა ტექნიკური ცენტრი, რომელიც საჰაერო ხომალდებს ტექნიკურ მომსახურებას გაუწევს და შესთავაზებს სპეციალურ სადგომს.

გარდა ამისა, ამბასადორის ავია სოფელი მოიცავს სპეციალურ საცხოვრებელ ზონას, რომელიც 37 დამოუკიდებელ ნაკვეთად არის დაყოფილი. მათი ფართობი 1500-დან 1850 მ2-მდე მერყეობს. პროექტის მიხედვით, თითოეულ ნაკვეთზე განთავსდება ორ სართულიანი ვილა, სადაც პირველ სართულზე ხომალდის სადგომი, მეორეზე კი საცხოვრებელი ფართი და ვერანდა მოეწყობა. პირველი სართულის ფართი 300 მ2-ია, მეორე სართული კი მფლობელის სურვილისა და გემოვნების მიხედვით დაიგეგმება.

პროექტი მსურველებს სთავაზობს შესაძლებლობას შეიძინოს 1500-დან 1850 მ2-მდე მიწის ნაკვეთი, რომელშიც შევა ადგილზე მიყვანილი კომუნიკაციები და დამტკიცებული სამშენებლო პროექტი. თავის მხრივ კლიენტი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დასრულება და ექსპლოატაციაში მიღება უზრუნველყოს შეძენიდან 18 თვის ვადაში.

„პროექტი ემსახურება საქართველოში მცირე ავიაციის პოპულარიზაციას და ავია ტურიზმის, როგორც ახალი ტურისტული მიმართულების, დანერგვას და ამ მხრივ ქვეყნისთვის დამატებითი ტურისტული პოტენციალის შექმნას. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სასეირნო ფრენებით, გადაუფრინონ ალაზნის ველსა და სიღნაღს, დატკბნენ კავკასიონის მთათა სისტემის ულამაზესი ხედებით, ასევე გადაფრინდნენ სვანეთში, ბათუმში და საქართველოს ნებისმიერ სხვა რეგიონში. დაინერგება ავია ტაქსის (Air Taxi) სერვისიც“, - აცხადებს თორნიკე ქებურია.

„ამბასადორის საავიაციო სოფლის“ დამფუძნებელი მშენებლობის ეტაპებისა და ვადების შესახებაც გვიზიარებს ინფორმაციას და აცხადებს, რომ აეროდრომის გახსნის ცერემონია 2026 წლის 1 სექტემბერს გაიმართება.

„მშენებლობა უკვე აქტიურად მიმდინარეობს. მიწის სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია. ამის შემდგომ აუცილებელია ბალასტის შემოტანა და ასფალტის დაგება.

ასევე დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები ანგარის მშენებლობისთვის, სადაც ერთდროულად 20-მდე საჰაერო ხომალდი განთავსდება.

აქტიურად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, რომელიც მიწების დაყოფას, ცალკე რეგისტრირებას და ვილების პროექტების დამტკიცებას. 2026 წლის ბოლომდე კი რამდენიმე ვილის კარკასის აგებაც დასრულდება.

ამასთან, კომპანიამ 3 თვითმფრინავის შეძენაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომელიც საავიაციო სკოლას და ავიატურების მოწყობას მოემსახურება.

აეროდრომის გახსნის ცერემონია 2026 წლის 1 სექტემბერს გაიმართება. ამ დღეს Red Bull Aviation-ის მონაწილეობით ავიაშოუ მოეწყობა“, - აღნიშნავს თორნიკე ქებურია და დასძენს, რომ გახსნის ღონისძიებას 40 ევროპული კლუბის წარმომადგენელი დაესწრება, რომელთაც უკვე დაადასტურეს ვიზიტი [https://www.privatepilot.lu/private-pilot-expedition-georgia-2026/]. მისივე თქმით, ღონისძიება ჩატარდება საქართველოს მთავრობის და საავიაციო სააგენტოს მხარდაჭერით.

BMG-ის კითხვაზე როგორ აფასებს დამფუძნებელი პროექტით დაინტერესების პერსპექტივებს საქართველოში, თორნიკე ქებურია ამბობს, რომ პროექტის უნიკალურობიდან გამომდინარე ავიასოფლის მიმართ ინტერესი უკვე არის და ის მზარდია.

“საქართველოს ავიაციას საკმაოდ დიდი და წარმატებული ისტორია აქვს. ფუნქციონირებს რამდენიმე საავიაციო სკოლა და ინტერესი მზარდია. საავიაციო სოფლის დაარსებით ჩვენ შევქმნით საერთო ბაზას, სადაც მოხდება საქართველოს მცირე ავიაციის ძირითადი კონცენტრაცია და გაერთიანება.

გამომდინარე იქიდან, რომ "ამბასადორის საავიაციო საფელი" არის უნიკალური პროექტი არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონშიც, ინტერესი უკვე საკმაოდ დიდია, როგორც არსებული კერძო საჰაერო ხომალდების მფლობელების მხრიდან, ასევე ტურისტული სექტორიდან”, - ამბობს თორნიკე ქებურია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები