მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უამრავი გეგმა გვაქვს" - რა პროექტებზე მუშაობს "ამბასადორი ჯგუფი"?

გოჩა კამკია

მომავალი წლის გაზაფხულზე ბათუმში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ამბასადორი“ გაიხსნება. ამის შესახებ „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ ამბასადორის საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გოჩა კამკიამ 15 მლნ დოლარის საინვესტიციო ღირებულების პროექტის გახსნაზე ამბასადორი ჯგუფის გეგმებზე ისაუბრა და მათ შორის, „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენგეგმაში ცვლილება დააანონსა, რაც ავიადრომის მოწყობას გულისხმობს.

"გვაქვს უამრავი გეგმა, კერძოდ, მომავალი წლის გაზაფხულზე ბათუმში გაიხსნება ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ამბასადორი“, სადაც ცალკე მოგიწვევთ ყველას.

თუმცა, ცალკე აღნიშვნის ღირსია, რა თქმა უნდა, „ამბასადორი აილენდი“, რომელიც არის ჩვენი ერთ-ერთი დიდი ინსპირაცია და ამ პროექტში ჩვენ ჩავდეთ იდეა, რომ განგვევითარებინა გლობალური ეკონომიკური ინიციატივა საქართველოში, სადაც ინსტიტუციურ წესრიგზე დაფუძნებით ჩვენ მოვახდენდით ქართველი და უცხოელი ინვესტორებისთვის გარემოს შექმნას, სადაც ისინი ძალიან სწრაფად დაიწყებდნენ საერთაშორისო ინვესტიციების განხორციელებას.

ამისათვის მე მინდა ცალკე პრემიერს და მთავრობის წევრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, ვინაიდან ეს არის უდიდესი მაგალითი კერძო კომპანიისა და მთავრობის ერთიანი, სტრატეგიული თანამშრომლობის შედეგად, როგორ შეიძლება ძალიან სწრაფ რეჟიმში, პატარა ქვეყნიდან გლობალურ რუკაზე დასვა მრავალმილიარდიანი პროექტი და გახადო რეგიონში ყველაზე მსხვილი საინვესტიციო მიზიდულობის ცენტრი.

დღეს ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ დაახლოებით 8 განვითარებული ქვეყნის კომპანია და, აგრეთვე, 36 სახელმწიფოზე მეტის მოქალაქე თავის მომავალს უკავშირებს „ამბასადორ აილენდს“, ახორციელებს მასში ინვესტიციებს ან კიდევ მომავლის საცხოვრებელ ადგილად ირჩევს.

რაც შეეხება თავად „ამბასადორის საავიაციო სოფელს", ეს არის ლოგიკური გაგრძელება იმისა, რომ ჩვენი ბრენდი გაიშალა რეგიონებში, დაიწყო რეგიონებში ინვესტირება, შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მოგვეხდინა სინერგია, როგორც რეგიონების, აგრეთვე თავად ჩვენი ბრენდის. ვინაიდან უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო პირდაპირი წვდომა, კომფორტული განთავსება და ამიტომ შეიქმნა უმაღლესი კომფორტის მქონე ადგილი აქ და სწორედ ამას მოწმობს მრავალრიცხოვანი დელეგაცია, რომელიც ძალიან კომფორტულ გარემოში მივიღეთ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ ჩამობრძანებისათვის.

ჩვენ აგრეთვე ვფიქრობთ და გვინდა ვთხოვოთ ბიზნესს, გამოვიყენოთ ეს პლატფორმა იმისთვის, რომ ეს ინიციატივა იყოს მხარდაჭერილი უკვე სხვადასხვა რეგიონებში მოეწყოს მსგავსი აეროდრომები, ვინაიდან საქართველო იყოს ბევრად უფრო წვდომადი და ჰაერიდან ჩვენი არაჩვეულებრივი ქვეყანა უფრო და უფრო დანახვადი და აღქმადი.

ამასთანავე, მე მინდა ამ ინიციატივას, რომელიც გავამჟღავნეთ ჩვენ ამ ტრიბუნიდან, თავადვე დავუჭიროთ მხარი და, ბატონო პრემიერო, ჩვენ გვინდა საქმის კურსში ჩაგაყენოთ, რომ თავად კუნძულის პროექტში ჩვენ ამჟამად შეგვაქვს ცვლილებები, რომლის თანახმადაც, „ამბასადორი კაჭრეთის“ საავიაციო სოფლის მსგავსად, კუნძულის გენგეგმაში მოხვდება საფრენი ზოლის განთავსება და იქაც მოხდება ავიადრომის მოწყობა, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც კაჭრეთში, ასევე „ამბასადორ აილენდზე“ ჩვენ გვექნება პირდაპირი წვდომა უმაღლესი კატეგორიის სტუმრების და გაუწევთ და მოვაწყობთ მსგავს კომფორტს.

თავად „ამბასადორზე“ შემიძლია ვთქვა ის, რომ ჩვენ თითოეულ პროექტს როდესაც ვიწყებთ, ვუყურებთ პირველ რიგში მაღალ სტანდარტებს და იმას, თუ რა კულტურა შეიძლება დავამკვიდროთ ჩვენს ქვეყანაში და ამით ეს გარემო შევცვალოთ უკეთესობისკენ",- განაცხადა გოჩა კამკიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები