„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ შემოსავლები გაეზარდა, მოგება - შეუმცირდა.
სახელმწიფო კომპანიამ, რომელიც ქვეყანაში აეროპორტების მფლობელია, 2022 წელს 85.74 მლნ ლარის ამონაგები მიიღო, რაც წინა წლის მაჩვენებელს 18.9 მლნ ლარით აღემატება. ზრდა 28%-ია. ამონაგები 1 მგზავრზე 26.85 ლარიდან 19.27 ლარამდე შემცირდა.
შემოსავლებში 51.6 მლნ ლარის კონტრიბუცია შეიტანა საავიაციო შემოსავლებმა, 14.18 მლნ არასაავიაციო შემოსავლები იყო, 19.9 მლნ კი, გაცემული უფლებებიდან ამონაგები.
შემოსავლების ზრდის მიუხედავად, მცირედით შემცირებულია წმინდა მოგება, რამაც 18.9 მლნ შეადგინა ( 2021 წელი - 19.02 მლნ ლარი). ძირითადი მიზეზი გაცვლითი კურსის ცვლილებით მიღებული 7.4 მილიონიანი წმინდა ზარალია.
კომპანია თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში საერთაშორისო აეროპორტების მფლობელია, ასევე ფლობს მესტიისა და ამბროლაურის ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს. ქუთაისის, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების ოპერირებას კომპანია ახორციელებს, ხოლო თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერირება კონცესიური და საიჯარო შეთანხმებების ფარგლებში ხორციელდება.
2022 წელს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ გაზარდა მიმართულებების მარკეტინგისა და განვითარების ხარჯები. ეს ხარჯი 2021 წელს თუ 2.37 მლნ ლარი იყო, 2022 წელს 7.29 მლნ ლარამდე გაიზარდა.
მიმართულებების მარკეტინგისა და განვითარების ხარჯები მოიცავს ავიაკომპანიებისთვის გადახდილ წამახალისებელ თანხებს, რომლებიც კომპანიის მიერ გათვალისწინებულია სხვადასხვა არა ექსკლუზიურ წამახალისებელ პაკეტებში, ორიენტირებულია მიმართულებების, სიხშირის ან/და მგზავრთა ნაკადის ზრდაზე ქუთაისისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებში. მიმართულებების მარკეტინგისა და განვითარების აქტივობებისთვის კომპანია იხდის თანხას ყოველთვიურად, ავიაკომპანიების წარმადობის საფუძველზე.
2022 წლის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში ფრენებს ახორციელებდა 72 ავიაკომპანია. გასულ წელს საქართველოს აეროპორტებში რეისების რაოდენობა 87% იყო აღდგენილი, მგზავრთნაკადი 2019 წელთან შედარებით 86%-იან აღდგენას აჩვენებდა.