მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აეროპორტების განვითარების სტრატეგიას ADB-ის დაკვეთით ბრიტანული კომპანია მოამზადებს

63d7d0015fdea
მარიამ ვარადაშვილი
30.01.23 18:05
694

აზიის განვითარების ბანკის [ADB] დაკვეთით საქართველოს აეროპორტების განვითარების სტრატეგიასა და შეფასების დოკუმენტს ბრიტანული კომპანია Steer Davis-ი მოამზადებს. ამის შესახებ BMG-ის ADB-ში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.

ADB-ში ასევე აცხადებენ, რომ კომპანიას სხვადასხვა ქვეყანაში ავიაციის მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს. როგორც ვებ-გვერდიდან ირკვევა ბრიტანული კომპანია ჩართულია ტრანსპორტის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ავიაციაში საკონსულტაციო საქმიანობაში. კერძოდ, Steer Davis-ი როგორც ავიაკომპანიებს, ასევე აეროპორტებს სთავაზობს ბაზრის ანალიზს, საოპერაციო ხარჯების ეფექტიანობის გასაზრდელად კონსულტაციას, მარკეტინგული სტრატეგიების მომზადებასა და სხვა მომსახურებას.

აზიის განვითარების ბანკს აქამდე გაცხადებული აქვს, რომ საქართველოს აეროპორტების სტრატეგია [როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივი] 2023 წლის მეორე ნახევრისთვის უნდა იყოს მზად. განვითარების ბანკში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ვადა ძალაში რჩება.

ADB-მ საქართველოს მასშტაბით არსებული აეროპორტების განვითარების სტრატეგიის შექმნაზე საკონსულტაციო კომპანიის შერჩევა 2022 წლის აპრილში დაიწყო. დოკუმენტის შექმნაში საფინანსო ინსტიტუტი 225 ათას დოლარს დახარჯავს.

ტენდერი ამ მიმართულებით მომუშავე საკონსულტაციო კომპანიებისთვის ADB-მ მიმდინარე წლის 11 აპრილს გამოაცხადა, ხოლო მასზე განაცხადების მიღება 4 მაისს დასრულდა.

სტრატეგიის ფარგლებში შეფასდება აეროპორტების სამომავლო დატვირთულობის პროგნოზები და დაიდება სხვადასხვა სცენარი, რომლის მიხედვითაც ისინი უნდა განვითარდეს. დოკუმენტში ასევე იქნება აეროპორტების მართვის საკითხიც. ADB-ის შეფასებით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თბილისსა და ბათუმის აეროპორტების შემთხვევაში, რადგან მმართველ კომპანიას, TAV Georgia-ს ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები