ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Subway-ს ფილიალი გაიხსნა. ეს იმერეთის მასშტაბით რესტორნის პირველი ობიექტია.
როგორც “საბვეი საქართველოს” წარმომადგენელი გივი ორდენიძე bm.ge-სთან ამბობს, კომპანიამ ახალი რესტორნის გახსნისთვის 150 000 ევროს ინვესტიცია განახორციელა. მისივე თქმით, ფილიალმა დამატებით 16 ადამიანი დაასაქმა, რომელთა უმეტესობა ადგილობრივები არიან.
“ახალი ობიექტისთვის დაახლოებით 150 000 ევროს ინვესტიცია განხორციელდა. ქუთაისის აეროპორტი კომერციულად ძალიან საინტერესოა. დიდი მგზავრთნაკადი ჰყავს, შესაბამისად, ობიექტებში მომხმარებელთა რაოდენობაც მზარდია. აქამდე იმერეთის რეგიონში რესტორნის ფილიალი არ გვქონია, იმერეთში ქსელის განვითარებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით ვიწყებთ.
ახალი ფილიალის ფარგლებში 16 ადამიანი დასაქმდა, მათი უმეტესობა ადგილობრივი კადრია” - ამბობს გივი ორდენიძე.
“საბვეი საქართველოს” წარმომადგენელი კომპანიის განვითარების გეგმებზეც საუბრობს და როგორც თავად აღნიშნავს უახლოეს პერიოდში კიდევ ორი ახალი ობიექტი გაიხსნება, თუმცა სხვა დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობს.
“ეტაპობრივად განვიხილავთ აეროპორტებში ფილიალების გახსნას. უახლოეს პერიოდში კიდევ ორი რესტორნის ამოქმედებას ვგეგმავთ” - აღნიშნავს ის.
ინფორმაციისთვის: “საბვეი საქართველო” საქართველოში 8 ფილიალს აერთიანებს, საიდანაც 5 თბილისში, 2 ბათუმში, 1 კი ქუთაისის აეროპორტში მდებარეობს.