საქართველოში შემომავალი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების საკითხი BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ტურისტული კომპანია "ვინგლეთის" დამფუძნებელმა, ანა კირკიტაძემ და “პეგას ტურისტიკ ჯორჯიას” გენერალურმა დირექტორმა, სალომე ბერაიამ შეაფასეს.
2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოში შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა სავალდებულო გახდა. ახალი რეგულაცია ტურიზმის შესახებ კანონით არის განსაზღვრული, ხოლო დაზღვევის სქემა და კონკრეტული პირობები მთავრობის დადგენილებით დამტკიცდება. კანონის მიხედვით, საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას ტურისტს უნდა ჰქონდეს მოქმედი დაზღვევა, რომელიც ქვეყანაში ყოფნის პერიოდში ჯანმრთელობის დაცვასა და უბედური შემთხვევების რისკებს დაფარავს. რეგულაციის მიზანი ტურისტების უსაფრთხოების გაზრდა და ტურიზმის სფეროში საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვაა.
ტურისტული კომპანიის „ვინგლეთის“ დამფუძნებელი ანა კირკიტაძე აღნიშნავს, რომ მსგავსი პრაქტიკა უკვე ფართოდ არის გავრცელებული. მისი თქმით, როდესაც საქართველო საზღვარგარეთ აგზავნის საკუთარ მოქალაქეებს, ტურისტულ პაკეტში დაზღვევა თითქმის ყოველთვის შედის.
„როდესაც საქართველოდან მომხმარებელს საზღვარგარეთ ვამგზავრებთ, ტურისტულ პაკეტში დაზღვევა თითქმის ყოველთვის შედის. ახალი რეგულაცია კი ძირითადად იმ ტურისტებს ეხება, რომლებიც საქართველოში შემოდიან. აქამდე იყო გარკვეული ქვეყნები, საიდან შემომავალი ტურისტებისთვისაც დაზღვევა სავალდებულო იყო, ახლა კი ეს მოთხოვნა ყველასთვის გავრცელდა. როგორც ჩვენ ვატანთ დაზღვევას საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთში გამგზავრებისას, ისე დარეგულირდება. როგორც წესი, უცხოეთიდან ტურისტულად ჩამოსული ადამიანები უკვე დაზღვევით მოგზაურობენ, საკუთარი ქვეყნის სადაზღვევო პოლისით. ამასთან, ქართულმა სადაზღვევო კომპანიებმაც შეიმუშავეს შესაბამისი პროდუქტები და შემომყვან ტურისტულ კომპანიებს გვთავაზობენ, რომ ეს დაზღვევა ჩვენს უცხოელ პარტნიორებსაც შევთავაზოთ“, - აცხადებს კირკიტაძე.
კომპანია „პეგას ტურისტიკ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის, სალომე ბერაიას თქმით, კომპანიის შიდა პოლიტიკით დაზღვევა ტურისტულ პაკეტებში უკვე წლებია სავალდებულო კომპონენტია.
„ეს ნაბიჯი გარდაუვალი იყო. ჩემი აზრით, აეროპორტებშიც უნდა მოეწყოს სპეციალური პუნქტები, რათა დაზღვევის არქონის შემთხვევაში ჩამოსულ მგზავრს ადგილზე შეეძლოს მისი გაფორმება. რადგან ახალი რეგულაციაა, ადაპტირება აუცილებელია. ჩვენს შემთხვევაში კი პაკეტი ისე არ იყიდება, არ აქვს მნიშვნელობა ტურისტი საქართველოში შემოდის, თუ სხვა ქვეყანაში მიემგზავრება, დაზღვევის გარეშე“, – ამბობს ბერაია.




























