ტვირთების მოზღვავებამ მკაფიოდ გამოაჩინა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურული ლიმიტი. სატვირთო ტერმინალები პიკურ პერიოდში სრულად გადაიტვირთა, რამაც ტვირთების დამუშავების ვადები რამდენიმე დღით გაზარდა - ამის შესახებ BMG-სთან SKYLOG-ის მმართველი პარტნიორი გიორგი ზუმბაძე აცხადებს.
მისი თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შეზღუდული რესურსია. პიკურ პერიოდებში სამივე მოქმედი ტერმინალი (საქართველოს ფოსტა, TCS და ლასარე) სრულად იტვირთება, რაც ტვირთების დამუშავებას 4-5 დღით, ზოგჯერ კი ერთი კვირითაც აფერხებს.
„გასულმა პერიოდმა აჩვენა, რომ ტერმინალების გამტარუნარიანობაც და სიმძლავრეებიც არ არის საკმარისი. წარმოიდგინეთ, რამდენი ტრანზიტული თვითმფრინავი ჯდება საქართველოში და მერე დაუცლელად ევროპაში მიფრინავს - ეს ყველაფერი რომ აქ დაიცალოს და მერე სხვა თვითმფრინავში გადაიტვირთოს, თბილისის აეროპორტში სერიოზული კოლაფსი შეიქმნება.
ინფრასტრუქტურის გარეშე რასაკვირველია, საქართველო, როგორც საჰაერო ჰაბი ვერ განვითარდება“ - ამბობს გიორგი ზუმბაძე BMG-სთან.
მისივე თმით, თბილისის აეროპორტის სატვირთო-სატერმინალო ინფრასტრუქტურას გაფართოების ფიზიკური რესურსი აღარ გააჩნია.
„თბილისის აეროპორტი ვეღარ იძლევა გაფართოების შესაძლებლობას, რადგან გარშემო თავისუფალი მიწა აღარ არსებობს. გამოსავალი შეიძლება იყოს ტერმინალების აეროპორტის გარეთ, რამდენიმე კილომეტრის დაშორებით განთავსება, თუმცა აქ საბაჟო კანონმდებლობის „ლაფსუსებს“ ვაწყდებით.“
კერძოდ, გიორგი ზუმბაძის განმარტებით, პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საავიაციო პალეტების აეროპორტის ტერიტორიიდან გატანას და სხვა ტერმინალში გადატანას დაშლის გარეშე, რაც ლოგისტიკურ პროცესს ართულებს.
„ელემენტარული რაღაც არ არსებობს საქართველოში - თვითმფრინავით ჩამოსული ტვირთი არ შეგიძლია სხვა ტერმინალში გაიტანო - თვითმფრინავში ტვირთი სპეციალურ ე.წ. პალეტებზე იტვირთება. შეუძლებელია, რომ ამ პალეტით წაიღო ტვირთი ტერმინალში, აეროპორტში კი არ დაშალო, ტერმინალში წაიღო - ესეც კი არ არის განვითარებული. მეტსაც გეტყვით, ამ თვითმფრინავის პალეტის აეროპორტიდან გატანას და ერთი აეროპორტიდან მეორეში გადატანას საბაჟო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. იმიტომ რომ ეს პალეტი თავისუფალ ზონაშია - ეს ლაფსუსი არსებობს“ - განმარტავს გიორგი ზუმბაძე.
SKYLOG-ის მმართველი პარტნიორი ხაზს უსვამს ქუთაისის აეროპორტის პოტენციალსაც, სადაც დიდ სატვირთო ხომალდებს თავისუფლად შეუძლიათ დაჯდომა. მისი თქმით, ქუთაისში ახალი სატვირთო ტერმინალის მშენებლობა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, თუმცა ამას უნდა მოჰყვეს შიდა ლოგისტიკური სერვისების განვითარებაც.
„თუ ქუთაისში ტერმინალი განვითარდება, გაჩნდება მოთხოვნა ე.წ. „სახმელეთო შატლებზე“ ქუთაისსა და თბილისს შორის. ეს დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის და განავითარებს მომსახურების ახალ სფეროებს. საქართველოს აქვს არაჩვეულებრივი გეოლოკაცია, რომ რეგიონულ ჰაბად იქცეს და კონკურენცია გაუწიოს ისეთ გიგანტებს, როგორიცაა აზერბაიჯანული Silk Way ან Turkish Airlines, თუმცა ამას ძლიერი ადგილობრივი სატვირთო ავიაკომპანია და გამართული კანონმდებლობა სჭირდება,“- ამბობს გიორგი ზუმბაძე.




























