მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფერხებს თუ არა BUS LANE-ებზე თეთრი ტაქსების გადაადგილება 18-მეტრიან ავტობუსებს? - ვიქტორ წილოსანის პასუხი

64b7a2da917c8
მარიამ იზორია
19.07.23 12:55
2833
2023 წლის 1-ელი ივნისიდან A კატეგორიის ტაქსის 3500 მძღოლს ავტობუსის ზოლში გადაადგილება შეუძლიათ. ავტობუსის ზოლებში მოძრაობა იმ ტაქსებისთვის არის დასაშვები, რომელთა ავტომობილი 2013 ან შემდეგ წლებშია გამოშვებული. აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის მერია Man-ის მარკის, 18-მეტრიან ბუნებრივ აირზე მომუშავე 160 ახალ ავტობუსს შეიძენს.

რამდენად შეაფერხებს 18-მეტრიანი ავტობუსების მოძრაობას ტაქსების ავტობუსის ზოლში გადაადგილება? – BM.GE-ს შეკითხვას თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი, ვიქტორ წილოსანი პასუხობს.

მისი განმარტებით, იმ ქალაქების 80%-ში, ქალაქებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ზოლებია, ამავე ზოლებში ტაქსის გადაადგილებაც დაშვებულია. ვიქტორ წილოსანი აღნიშნავს, რომ უკვე არსებულმა პრაქტიკამ არანაირი შეფერხება არ აჩვენა.

„ნუ ვიქნებით რომის პაპზე უფრო კათოლიკები, 80%-ში იმ ქალაქების, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ზოლებია გამოყოფილი, ამავე ზოლებში ტაქსების გადაადგილება დაშვებულია. ჩვენთვის უკვე არსებულმა პრაქტიკამ არანაირი შეფერხება, დისკომფორტი არ აჩვენა“, - ამბობს წილოსანი.

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა კომენტარი გააკეთა ტაქსის ლიცენზიის გაყიდვა-გაქირავებაზე. მისი თქმით, ამ დროისთვის ლიცენზიის საშუალო ღირებულებაზე ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა ფასი მზარდია.

„ლიცენზიის ფასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, ეს არის ორი კერძო სუბიექტის გადაწყვეტილება და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ფასი, რაც არ უნდა იყოს, სამომავლოდ კიდევ გაიზრდება“, - აცხადებს ის და დასძენს, რომ ბაზარზე საშუალო ფასი ალბათ 1000-2000 ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები