აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის მეუღლე, სევინჩ სადიგოვა სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ქმარი ბაქოში ჩაყვანისთანავე პოლიციამ დააკავა. მისი თქმით, სადიგოვი სამართალდამცველებმა გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს და ამ დროისთვის მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
მისივე ინფორმაციით, სევინჩ სადიგოვა ამჟამად შვილებთან ერთად ევროპაში იმყოფება. სწორედ იქ სურდა გამგზავრება აფგან სადიგოვსაც, თუმცა ამას ვერ ახერხებდა მის წინააღმდეგ არსებული სამართლებრივი და ბიუროკრატიული შეზღუდვების გამო.
აფგან სადიგოვი საქართველოდან აზერბაიჯანში გუშინ გააძევეს.
„გუშინ ის საქართველოდან აზერბაიჯანში დაადეპორტეს, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებული ბრძანების საფუძველზე”, – აღნიშნავს იგი.
ცნობისთვის,ოფიციალური ინფორმაციით, 2026 წლის 1 აპრილს აზერბაიჯანის პროკურატურამ სადიგოვის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა, რის შესახებაც ქართულ მხარეს აცნობა. აღნიშნული ინფორმაცია თავად სადიგოვმაც 2 აპრილს შეიტყო.
მოგვიანებით, 3 აპრილს სასამართლომ გააუქმა მის მიმართ გირაო და გადაადგილების შეზღუდვა, თუმცა უკვე 4 აპრილს საღამოს იგი კვლავ დააკავეს, ხოლო 5 აპრილს გამართულ სასამართლო პროცესზე მისი აზერბაიჯანში გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ აფგან სადიგოვის წინააღმდეგ აზერბაიჯანში სისხლისსამართლებრივი დევნა მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო იყო დაწყებული, რის საფუძველზეც წლების განმავლობაში მისი ექსტრადიცია მოითხოვებოდა.
2025 წლის 28 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დროებითი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს აუკრძალა აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში, სანამ მისი საქმე სტრასბურგში საბოლოოდ არ განიხილება.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დღეს, 6 აპრილს ჩამოვიდა.




























