მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანთან დაძაბულობა არ გვაქვს, ყველა საკითხი მეგობრულად განიხილება - კობახიძე ქურმუხის ტაძარზე ბაქოს განცხადებაზე

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის ყველა საკითხი მეგობრულ რეჟიმში განიხილება.

კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადების პასუხად აზერბაიჯანის საგარეო უწყების მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს აზერბაიჯანის მთავრობასთან დაძაბულობა არ აქვს.

„ჩვენ დაძაბულობა არ გვაქვს, აზერბაიჯანის მთავრობასთან ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობა. მეგობრობიდან გამომდინარე, ძალიან მარტივად შეგვიძლია ყველა საკითხი განვიხილოთ. ასეთ რეჟიმში, მეგობრულ რეჟიმში განიხილება ყველა საკითხი საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გუშინ, 26 სექტემბერს ოფიციალური ბაქო მკაცრად გამოეხმაურა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს შეშფოთებას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძართან მიმდინარე სამუშაოების შესახებ და მასში აზერბაიჯანისადმი „ტერიტორიული პრეტენზიები“ დაინახა.

აზერბაიჯანის საგარეო უწყება ტაძარს „კურმუკს“ უწოდებს და მიიჩნევს, რომ ეს ადგილი, როგორც დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის შემთხვევაში „ალბანური კულტურის“ კუთვნილებაა. უწყება თავის განცხადებაში „სომხური ეკლესიის მიდგომებსაც“ ახსენებს.

ოფიციალურ თბილისს აქამდე პოზიცია საჯაროდ არ დაუფიქსირებია.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას სულ რამდენიმე საათით უსწრებდა ილჰამ ალიევისა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც ლიდერებმა „კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებაზე“ ისაუბრეს. ამ ეტაპზე უცნობია, იყო თუ არა ქურმუხის საკითხი ამ საუბრის ნაწილი.

2026 წლის 24 სექტემბერს საპატრიარქომ შეშფოთება გამოხატა, შესაბამისი სამსახურების ჩართვა მოითხოვა და ხაზი გაუსვა, რომ ტაძართან სამუშაოები ქართულ მხარესთან შეთანხმებული არ ყოფილა.

„მართალია, ქურმუხის ტაძარი დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს, მაგრამ ის ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია“, - აღნიშნავდა საპატრიარქო.

„ბუნებრივია, ამ ფაქტმა ჩვენი საზოგადოების მწვავე რეაქცია და სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია, რაც უარყოფითად აისახება ორ მეზობელ სახელმწიფოსა და ხალხებს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის განმტკიცების პროცესზე“, - ეწერა განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები