დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან პოლიციელები იკრიბებიან. მედიის ინფორმაციით, ე.წ. სამართალდამცველები ყველა რაიონიდან ჩადიან.
როგორც აფხაზური მედია წერს, დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ვალერი ბგანბა, ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის, რობერტ კიუტის გათავისუფლებას აპირებს. ფაქტს პოლიციელები აპროტესტებენ.
მანამდე თანამდებობიდან გაათავისუფლეს ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი დიმიტრი კუჩუბერია.
როგორც ე.წ. სამთავრობო მედია წერს, კუჩუბერიას თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილების მიზეზი, სომეხი მოსახლეობის წინააღმდეგ ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოჩანაწერის გამოძიების დაწყებაზე მის მიერ გაკეთებული განცხადებაა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩანაწერში, სწორედ, ბგანბას ძმისშვილი ფიგურირებს.
აღსანიშნავია, რომ დე ფაქტო არჩევნებზე აფხაზეთში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის თითქმის 100%-მა ხმა ბადრა გუნბას მისცა. ამის შემდეგ, გავრცელდა ჩანაწერი, სადაც ადგურ არძინბას მხარდამჭერები სომხების დასჯას ითხოვდნენ.