დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ "არჩევნების" შემდეგ, შესაძლოა, რუსეთთან ახალი საინვესტიციო შეთანხმება დადოს. ინფორმაციას რუსული გამოცემა "ვედომოსტი" ავრცელებს, რომელიც აფხაზეთს ნაწილობრივ აღიარებულ რესპუბლიკად მოიხსენიებს.
გამოცემამ ინტერვიუ ე.წ. ოპოზიციონერ კან კვარჭიასთან ჩაწერა. კვარჭიას თქმით, პროექტში, რამდენიმე მილიარდი რუბლით ინვესტიციების დონის აწევა, შესაძლოა, კომპრომისი იყოს.
"იმ ფორმით, რომელშიც ის არსებობს [შეთანხმება], შეუძლებელია. თუ რუსეთის ფედერაცია გაგებით მიუდგება, თუკი არის სახელმწიფო მიდგომა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და ჩვენი მხრიდან, ვფიქრობ, რომ არანაირი პრობლემა არ გვაქვს", - განაცხადა კან კვარჭიამ.
ე.წ. ოპოზიციონერის განცხადებით, მსხვილი რუსი ინვესტორების აფხაზეთის მცირე და საშუალო ბიზნესის საკვანძო სფეროში – ტურიზმსა და ლოგისტიკაში შემოსვლა, აფხაზებისთვის მტკივნეული იქნება.
"თუ გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების გათვალისწინებით, მსხვილი რუსი ინვესტორები ტურისტულ ინდუსტრიაში რვა წლის განმავლობაში გადასახადების გარეშე შემოვლენ, მაშინ აფხაზი ბიზნესმენები გაკოტრდებიან. ყველა საკითხს დაბალანსებულად უნდა მივუდგეთ. ამ საკურორტო ბაზარზე შესვლის შესაძლებლობაც რომ მივცეთ, მაშინ ბარიერი უნდა არსებობდეს. არა 2 მილიარდი [რუბლი], არამედ, შესაძლოა, 5 მილიარდი, 6 მილიარდი...", - აღნიშნა მან.
კან კვარჭიას განცხადებით, აფხაზეთში ტურიზმისა და ლოგისტიკის სექტორებისგან განსხვავებით, მზად არიან, ზღვრები მოხსნან და შეღავათები მიანიჭონ ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა, IT ტექნოლოგიები, გაზიფიცირება.