მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აფხაზური აჯიკა ძალიან მოთხოვნადი პროდუქტია"

აჯიკა

2012 წელს დაწყებული წარმოება, რომელიც ბაზარზე “ხათოს აფხაზური აჯიკა”-ს სახელით ოპერირებს, ექსპორტზე გასასვლელად ემზადება. ბრენდის კონცეფციისა და საექსპორტო გეგმებზე BMG-ის კომპანიის დამფუძნებელი, ხათუნა თაკალანძე ესაუბრა.

“აფხაზეთიდან ვარ და აფხაზურ აჯიკას 2011 წლიდან ვაწარმოებ, ბაზარზე კი 2012 წელს გამოვჩნდი. ამ ეტაპზე აფხაზურ, მშრალ, ნიგვზიან და მწვანე აჯიკებსა და სვანურ მარილს ვაწარმოებთ, რომელთა რეალიზებაც მსხვილ ქსელურ მარკეტებში ხდება და კილოგრამის საშუალო ფასი 15-20 ლარია. 

ვიტყოდი, რომ აფხაზური აჯიკა ძალიან მოთხოვნადი პროდუქტია, შეიძლება ითქვას, რომ მოთხოვნას ვერ ვეწევი, ყოველკვირეულად, საშუალოდ, 2 გამოფენაში ვიღებ მონაწილეობას, სადაც პროდუქციის მიმართ დაინტერესება ძალიან დიდია. მოთხოვნა უცხოელი ტურისტების მხრიდანაცაა, განსაკუთრებით აფხაზურ და ნიგვზიან აჯიკებზე, რადგან ისინი ნაკლებად მწარე კერძებს მიირთმევენ”, - აღნიშნავს თაკალანძე.

ბრენდის დამფუძნებელი პროდუქციის წარმოებისთვის ადგილობრივ, სოფელ მუხრანში საკუთარ ნაკვეთზე მოყვანილ წიწაკას იყენებს და თვის განმავლობაში, დაახლოებით, 200-250 კგ აჯიკას უშვებს: “ხარისხი ძალიან მაღალია, წიწაკა თავად მომყავს, ნაყიდს არ ვეკარები და არც არასდროს გავეკარები”.

უცხოელების მხრიდან ქართულ პროდუქციაზე მაღალ ინტერესს ისიც ადასტურებს, რომ თაკალანძის თქმით, აჯიკის ექსპორტზე შემოთავაზება რამდენიმე ქვეყნისგან მიიღო.

“ძალიან მინდა პროდუქტი ექსპორტზე გავიტანო და ამიტომ ვცდილობ, საზღვარგარეთ ტრანსპორტირების საკითხები გავარკვიო. შემოთავაზება უკვე ორჯერ მქონდა გერმანიიდან, ასევე ამერიკიდანაც, მაგრამ ჯერ დოკუმენტაციაა შესაგროვებელი და ამ საკითხს ახლა ვარკვევ”, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

“ხათოს აჯიკის” სამომავლო გეგმებში, ექსპორტის გარდა, საქართველოს ბაზარზე ბრენდული, ამავე სახელწოდების მაღაზიის გახსნაა, რაზეც კომპანია აქტიურად მუშაობს.

“ხათოს აფხაზური აჯიკის” წარმოება ოჯახური ბიზნესია, რის გამოც კომპანია სამუშაო კადრების დეფიციტს არ განიცდის. მათი პროდუქციის შეძენა “გუდვილისა” და “აგროჰაბის” ქსელში, ასევე მათ ვებ-გვერდზე - ajika.ge-ზეა - შესაძლებელი, მათ შორის სამი სხვადასხვა კრიპტოვალუტით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები