BAG-ის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი და „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძეს, მიუხედავად საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებისა, არ აქვს განცდა, რომ საქართველომ ევროპული გზიდან გადაუხვია.
ის იმედს იტოვებს, რომ ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციის ისეთ ფორმას შეარჩევს, რომლითაც ისინი დაიჯერებენ და დარწმუნდებიან, რომ საქართველოს ევროპული კურსიდან არ გადაუხვევია.
ამასთან, ბიზნესმენი არც იმას უარყოფს, რომ „რუსულმა კანონმა“ „ვნებათაღელვა მოგვიტანა“ და ბიზნესის მოლოდინის რეჟიმში გადაიყვანა. ბიზნესს აწუხებს აშშ-ის მიერ საქართველოს ხელისუფლების წევრების სავიზო სანქცირებაც.
- საქართველოს საინვესტიციო კლიმატს სუსტი წერტილები ისედაც არ აკლდა. რა კითხვები გააჩინა „რუსული კანონის“ მიღებამ როგორც ადგილობრივ, ისე - საერთაშორისო ინვესტორებში და მათ პარტნიორებთან?
- ზოგადად, ასეთი ტურბულენტური მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ბიზნესისთვის არის შემაფერხებელი. არის ე.წ. stop-მექანიზმი, როცა უყურებ როგორ განვითარდება პროცესები - გადალახავს მთავრობა კრიზისს, რა მოხდება მეორე მხარეს და .ა.შ ეს ბუნებრივი ქცევაა. როგორც წესი, ასეთ მდგომარეობას წინასაარჩევნო გარემო იწვევს ხოლმე...
- თუმცა ქვეყნის საგარეო კურსზე კითხვის ნიშნები არ დასმულა ბოლო 12 წლის განმავლობაში...
- დიახ, გეთანხმებით და კითხვის ნიშნები ძალიან სამწუხაროა; მე მაინც ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი პრობლემაა კომუნიკაცია - ჩვენ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს ვერ აუხსნეს, რომ {საქართველოს ევროპული გზიდან არ გადაუხვევია}... კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ყველაფერი არის პოლიტიკა. პოლიტიკოსებმა უნდა იზრუნონ, რომ დაარწმუნონ {პარტნიორები} საქართველოს საუკეთესო ინტერესებში რა შედის. რუსეთისკენ რომ ეს ქვეყანა არ მიდის და არ წასულა არც ბოლო 12 წლის განმავლობაში და არც მანამდე 9 წლის განმავლობაში, მგონი, ამას უნდა ხედავდნენ...
- {რუსული კანონის} მიღებით საქართველომ გადაუხვია ევროინტეგრაციის გზიდანო - ყველა საერთაშორისო პარტნიორი გვეუბნება...
- თქვენ როგორ გრძნობთ თავს, გაიღვიძეთ დილით რუსეთში?! ჩვენ ბიზნესი ამას ვერ ვრძნობთ...
- მე ვხედავ, რომ „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ ლარმა, რომელიც ბოლო ორი წელია სტაბილური იყო, დაიწყო გაუფასურება და კურსის „დასაჭერად“ ეროვნულმა ბანკმა 170 მილიონამდე დოლარის სავალუტო რეზერვი გაყიდა; საფინანსო ინსტიტუტები ამბობენ, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან ფინანსური რესურსის მოზიდვისას პარტნიორებს აქვთ კითხვები... რიგი ბიზნესმენები საუბრობენ პროექტების შეჩერებაზე და ა.შ. ვიდრე არ გამოიკვეთება მკაფიოდ - საით მიდის საქართველო...
- ანუ მოლოდინის რეჟიმში ვართ უფრო, ვიდრე კურსი შევიცვალეთ....
- ქვეყანა დაამშვიდა თუ არა „რუსულმა კანონმა“?
- არა, რა თქმა უნდა.
- უფრო ააფორიაქა, ასე გამოდის?
- აფორიაქების და მოლოდინის რეჟიმში ვართ...
- პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, რომ ეს კანონი ქვეყანას დაამშვიდებდა...
- არ ვიცი, პრემიერი რას გულისხმობდა. შეიძლება, გულისხმობდა ფინალს... ვიღაც დარეგისტრიდება, ვიღაც - არა {უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის რეესტრში}