მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აგარის შაქრის ქარხანა“ მაისში ამოქმედდება - დირექტორთა საბჭოს წევრი

აგარის შაქრის ქარხანა

აგარის შაქრის ქარხანა, რომელიც ქვეყანაში შაქრის ერთადერთი გადამმუშავებელი კომპანიაა, მორიგი საკონსერვაციო პერიოდის შემდეგ მაისში ამოქმედდება.

BM.GE-ისთვის ცნობილი იყო, რომ კომპანია გეგმური რემონტის შემდეგ მუშაობის განახლებას აპრილიდან გეგმავდა, ამიტომ „აგარის შაქრის ქარხნის“ დირექტორთა საბჭოს წევრ ნიკოლოზ ნათბილაძეს კითხვით მივმართეთ - როდის ამოქმედდებოდა ქარხანა. ის მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და განაცხადა: „დღეს ქარხანაში წინა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და სრული დატვირთვით მაისის მეორე ნახევარში ამუშავდება“.

საიდან და რა რაოდენობის შაქარი შემოგვაქვს, რომლის იმპორტზეც მთავრობამ გადასახადი დააწესა

აღსანიშნია, რომ „აგარის ქარხნის“ მორიგ ამუშავებას წინ უძღვის შაქრის იმპორტზე დაწესებული გადასახადის ამოქმედება, რომლის გადახდაც იმპორტიორ კომპანიებს 22 აპრილიდან 1 ტონა შაქრის შემოტანისას 400 ლარის გადახდა მოუწევთ, რაც არ გავრცელდება შაქარზე გაცემული პრეფერენციული წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში.

ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ საიმპორტო გადასახადის ამოქმედება „აგარის შაქრის საწარმოს“ მუშაობის განახლების შესაძლებლობას მისცემს, რაც 500-მდე დასაქმებულის სამუშაო ადგილზე დაბრუნებას გულისხმობს.

აღსანიშნია ისიც, რომ BM.GE-ს აგარის შაქრის ქარხნის დირექტორთა საბჭოს წევრმა ნიკოლოზ ნათბილაძემ დეკემბერში განუცხადა, რომ 2024 წელს კომპანიისთვის ზარალიანი იყო და ქარხნის საწყობები წლის ბოლოსთვის შაქრის მარაგებით იყოს სავსე. კომპანიაში „გეგმური რემონტის“ რამდენიმეთვიანი პერიოდი „აგარის შაქრის ქარხნის“ დასაქმებულების გაფიცვით დაიწყო, რომლებიც დეკემბერში კომპანიისგან დაპირებულ მე-13 ხელფასსა და პრემიებს ითხოვდნენ. მაშინ კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი ნიკოლოზ ნათბილაძე BM.GE-სთან აცხადებდა, რომ ცუდი შედეგების გამო კომპანია, წინა წლის მსგავსად პრემიებს ვერ გასცემდა და ერთი ტომარას ნაცვლად დასაქმებულებს საახალწლოდ ორ ტომარა შაქარს მისცემდა.

--------------

ცნობისთვის: 2017 წლის ნოემბერში "აგარის შაქრის" ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა და საერთაშორისო ბაზარზე ნედლეულისა და თეთრი შაქრის ფასების ცვლილების გამო კონსერვაციის რეჟიმში გადავიდა. უმუშევრად დარჩენილი ქარხნის თანამშრომლების საპროტესტო აქციების შემდეგ, ბიზნესომბუდსმენის აპარატის და პროფკავშირების ჩართულობით, სახელმწიფოსთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, 2018 წელს ქარხანა კონსერვაციის რეჟიმიდან გამოვიდა და ივნისში სრული დატვირთვით ამუშავდა, თუმცა დროებით - 31 დეკემბრამდე. ამის შემდეგ შაქრის ადგილობრივი წარმოება გარკვეული ციკლურობით მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები