"ქართული ოცნების" მთავრობამ შაქრის იმპორტზე ერთი წლით გადასახადის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. 10 აპრილს გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით, 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას, 1 კგ. შაქარი 40 თეთრის გადასახადით დაიბეგრება, ანუ ტონაზე 400 ლარით.
რა რაოდენობის შაქარი შემოგვაქვს ქვეყანაში? საქსტატის მონაცემებით, შაქრის იმპორტი 2025 წლის იანვარ-თებერვალში გაიზარდა და 7 მლნ აშშ დოლარის 11 084 ტონას მიაღწია. ეს მონაცემები აჭარბებს 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს, როცა ქვეყანაში 6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 7 548 ტონა შაქარი შემოვიტანეთ. მონაცემების მიხედვით, იმპორტული შაქარი ქვეყანას დაახლოებით 21%-ით გაუიაფდა.
რაც შეეხება გასული წლის ჯამურ მონაცემებს, შაქრის იმპორტმა 2024 წელს 87,6 მლნ აშშ დოლარი და 135 233 ტონა შეადგინა, 2023 წელს ეს მაჩვენებელი უფრო მეტი - 99,6 მლნ აშშ დოლარი და 144 727 ტონა იყო.
მთავარი საიმპორტო ქვეყანა, 2024 წლის მონაცემებით, ბრაზილია, საფრანგეთი და ნიდერლანდებია.
TOP-10 ქვეყანა, საიდანაც 2024 წელს შაქარი ყველაზე დიდი რაოდენობით შემოვიტანეთ:
- ბრაზილია - 27,1 მლნ აშშ დოლარი - 48,500 ტონა
- საფრანგეთი - 17,2 მლნ აშშ დოლარი - 23,420 ტონა
- ნიდერლანდები - 11 მლნ აშშ დოლარი - 14,528 ტონა
- ბელგია - 8,5 მლნ აშშ დოლარი - 13,022 ტონა
- თურქეთი - 6,9 მლნ აშშ დოლარი - 9 927 ტონა
- პოლონეთი - 4,3 მლნ აშშ დოლარი - 6,733 ტონა
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - 3,5 მლნ აშშ დოლარი - 6 000 ტონა
- რუსეთი - 2,9 მლნ აშშ დოლარი - 4 705 ტონა
- გერმანია - 2,4 მლნ აშშ დოლარი - 3,461 ტონა
- უკრაინა - 1,4 მლნ აშშ დოლარი - 2,394 ტონა
აღსანიშნია, რომ 2023 წელს მთავარი საიმპორტო ქვეყნების სია განსხვავებული იყო და პირველ ხუთეულში ბრაზილიასთან და საფრანგეთთან ერთად, რუსეთი, მაროკო და არაბთა გაერთიანებული საამიროები შედიოდნენ.




























