მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგენტების შესახებ კანონმა შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს კანდიდატის სტატუსის მიღებას - კვირიკაშვილი

63fdf8d31bd19
შოთა ტყეშელაშვილი
28.02.23 15:44
803
ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უცხოური გავლენის აგენტების რეგისტრაციის შესახებ "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტთან დაკავშირებით "ფეისბუქზე" განცხადებას აქვეყნებს. კვირიკაშვილის მიიჩნევს, რომ ამ კანონპროექტის მიღებით მმართველმა პარტიამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს წელს საქართველოს მიერ EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

"არსებულ საერთაშორისო თუ შიდა პოლიტიკურ კონტექსტში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის წამოწევამ და საჯარო განხილვამ სამწუხაროდ უკვე მნიშვნელოვნად დააზიანა საქართველოს დემოკრატიული იმიჯი. როდესაც საქართველოს ყველა მეგობრის აღქმა ერთნაირად უარყოფითია ამ კანონპროექტის მიზნებისა და დროში მიზანშეუწონლობის თაობაზე, ვფიქრობ, მისმა მიღებამ, მით უფრო დაჩქარებული წესით, შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს 2023 წელს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების ამოცანას.

როგორც ადამიანი, ვისაც უმუშავია დღევანდელი ხელისუფლების არაერთ წარმომადგენელთან ერთად საქართველოს დასავლეთთან დაახლოებისათვის, რომელსაც არასდროს ჰქონია ჩასაფრებული პოზიცია და ხელისუფლების წარმატებისა თუ წარუმატებლობისადმი არასდროს ყოფილა გულგრილი, იმედს ვიტოვებ, რომ ქართული ოცნება არ გადადგამს ნაბიჯს, რომელმაც შესაძლოა დაგვაშოროს მიზანს, რომლის დაჩქარებულად მიღწევის შესაძლებლობაც ბოლო პერიოდში გამოჩნდა,"- წერს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში, ქართული ოცნების პარტნიორმა პარტიამ “ხალხის ძალამ” გუშინ დაარეგისტრირა უცხოური გავლენის აგენტების კიდევ ერთი კანონპროექტი, რომელიც პირველი ვერსიისგან განსხვავებით უფრო ფართო რეგულირებას აწესებს. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები