მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არა რუსულ კანონს! - ელენე კვანჭილაშვილის #ანალიტიკა

63f62c62d3de0
ელენე კვანჭილაშვილი
22.02.23 19:12
1398
არა რუსულ კანონს!

მიუხედავად იმისა, რომ იმედი ნამდვილად მქონდა, ღიად პრორუსული პოლიტიკური ძალის – „ხალხის ძალის“ – კანონპროექტი ბიუროზე მოსმენას არ გასცდებოდა, "ქართულმა ოცნებამ" ეს იმედიც გამიქარწყლა და ბიუროს სხდომის შემდეგ, მამუკა მდინარაძისგან ასეთი რამ მოვისმინეთ: „ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით შემიძლია ვთქვა, რომ პრინციპების დონეზე ჩვენ შევთანხმდით და მხარს დავუჭერთ კანონპროექტს, რა თქმა უნდა, დეტალებზე გაგრძელდება მსჯელობა“.

„ხალხის ძალა“ გვარწმუნებს და როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" უკვე დაარწმუნა, რომ მომავალი კანონის მიზანი მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

კანონპროექტი "გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს.

რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

კანონპროექტი "უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად" იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს, ჩაატაროს კვლევა. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების შესახებ კანონპროექტმა, რომელიც „უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის“ შექმნას გულისხმობს, შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

მართლაც, რომ არ დავიზაროთ და კარგად რომ დავფიქრდეთ, აუცილებლად გაგვახსენდება ევროკავშირის სულ მცირე სამი წინაპირობა, რომელსაც ამ კანონპროექტის მიღება პირდაპირ ეწინააღმდეგება. კერძოდ: გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ყველა დონეზე; მედიის თავისუფლების გაძლიერება; პოლარიზაციის აღმოფხვრა.

კიდევ ერთი აქცენტი ნედ პრაისისგან ის იყო, რომ ხალხის ძალის მიერ შემოთავაზებული და აწ უკვე "ქართული ოცნების" მიერ ღიად მხარდაჭერილი კანონპროექტი არ ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას და უფრო რუსეთის და უნგრეთის კანონმდებლობის ანალოგიურია.

„ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს კანონპროექტი დაფუძნებულია შეერთებულ შტატებში არსებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე (FARA) აშკარად მცდარია. მეტიც, ეს კანონპროექტი ჩანს, რომ ეფუძნება მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას (და არა FARA-ს ან რომელიმე ამერიკულ კანონმდებლობას)“ – თქვა ნედ პრაისმა.

"კანონი, რომელიც პარლამენტში წარადგინეს, არ არის ამერიკული კანონი FARA. მე მიმუშავია იმ კანონზე, მის რეფორმირებაზე... აქაური კანონპროექტი არის რუსეთში არსებული კანონის მსგავსი, რომელიც ძალიან ეფექტიანი იყო რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციების დახურვისა და მედიის გასაჩუმებლად…” - უთხრა რადიო თავისუფლებას საქართველოში ვიზიტით მყოფმა ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმაც.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „კატასტროფულ“ ამერიკულ კანონს არც დაეყრდნობოდნენ. „გზაში ვკითხულობდი ზუსტად ახლა კიდევ ერთხელ ამერიკულ კანონს და არის სრული კატასტროფა. ეს პირდაპირ შემიძლია გითხრათ, როგორც იურისტმა, ადამიანის უფლებების სპეციალისტმა, რომ არის სრული კატასტროფა. ჩვენ ასეთი კანონის მიღებას საქართველოს პარლამენტში ნამდვილად ვერ ვიკადრებდით“ – თქვა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, გზაში ის რუსულ კანონსაც კიდევ ერთხელ გადახედა: „რუსული კანონი ყოფილა ამერიკულის მსგავსი. პირდაპირ შეგიძლია მიამსგავსო რუსული კანონი ამერიკულს. როგორც ჩანს, რუსული მესიჯი დარბილებასთან დაკავშირებით იყო ტყუილი, რადგან რუსული კანონი არის ზუსტად ამერიკულის ანალოგი“. რაც შეეხება ქართულ კანონპროექტს, მის შესახებ ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ის არის მთლიანად შესაბამისობაში ადამიანის უფლებებთან, განსხვავებით ამერიკული და რუსული კანონებისგან და ითვალისწინებს გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს – მეტს არაფერს“.

ამ განცხადებას მალევე ხალხის ძალის განცხადება მოჰყვა. „ჩვენს მიერ ახალი კანონპროექტის წარდგენის შემდეგ მალევე განვაცხადეთ, რომ თუკი კანონპროექტის – რომელიც ეხება უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რომელიც არის ამერიკული კანონის ანალოგი ქართული, უფრო ლიბერალური კანონი – იქნებოდა სპეკულაციები, ჩვენ წარვადგენდით ალტერნატიულ, სუფთა ამერიკულ კანონს. გამომდინარე აქედან, ხალხის ძალამ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ინიცირება გავუკეთოთ ახალ, ალტერნატიულ კანონპროექტს – უცხოური აგენტის რეგისტრაციის შესახებ კანონს – რომელიც არის სუფთა ამერიკული ანალოგი, ამიტომ ჩვენ გავაკეთებთ პირდაპირ თარგმანს და დავაინიცირებთ. ამისათვის დაგვჭირდება, ერთი–ორი დღე“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მოდი, გავარჩიოთ რა გვითხრეს ამ კომენტარით – ამერიკულს კი ეფუძნებოდა ჩვენი კანონპროექტი, მაგრამ უფრო ამერიკულს შევქმნით და თან, საკუთარ ინიციატივას ჩვენივე ახალ ინიციატივას დავუპირისპირებთო. რამდენად ლოგიკურია, თავად განსაჯეთ.

ახლა რაც შეეხება FARA –ს, რომელიც უცხო ქვეყნის ინტერესებს არეგულირებს ამერიკაში. მისი ინტერესის სფერო ლობიზმია. ლობიზმის შესახებ სწორედ FARA–დან ვიღებთ ხოლმე ინფორმაციას, რადგან ყველა ლობისტი რეგისტრირდება და გამჭვირვალედ საქმიანობს, მაგრამ ტყუილად არ გამიმახვილებია თქვენი ყურადღება მთავარზე – ეს სისტემა არეგულირებს უცხო ქვეყნის ინტერესებს ამერიკაში.

გთავაზობთ, ძალიან მარტივად გავაანალიზოთ რით არის ფუნდამენტურად განსხვავებული ხალხის ძალის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი ამერიკული კანონმდებლობისგან. მართლა მარტივად, ყველანაირ ტექნიკურ დეტალში შესვლის გარეშე, რითაც პოლიტიკური სპინი ძაბავს ჩვენს ისედაც ღარიბ, დაღლილ მოსახლეობას, როცა – ყოველი მეხუთე მოქალაქე უმუშევარია; ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს; ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ ბოლო ექვსი თვის მანძილზე ყოფილა შემთხვევა, როცა კომუნალურის გადასახდელად საკმარისი ფული არ ჰქონია; ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ წინა წელთან შედარებით, საჭმელსა და წამლებზე ნაკლებს ხარჯავს; საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს.

დავსვათ კითხვა: დონორების მიერ დახარჯული თანხები, რომლებიც საქართველოში ევროატლანტიკური ღირებულებების და კურსის მხარდაჭერას ემსახურება – ვის ინტერესში შედის? უცხო ქვეყნის თუ ჩვენი ქვეყნის?

თუ მაინც დაფიქრდით, მე გეტყვით ამაზე მკაფიო პასუხს. ისევ NDI-ის სულ ბოლო საზოგადოებრივი აზრის კვლევამ გასცა ამ კითხვას, კიდევ ერთხელ, დამაჯერებელი პასუხი. ჰო, იმ კვლევამ, რომელსაც გამონაკლისის სახით ქართული ოცნება და უმრავლესობაც ენდო, რადგან მთავრობის დადებითი შეფასება გაზრდილი იყო.

მოკლედ, რა თქვა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ:

ნატო–ს მხარდაჭერა სტაბილურად მაღალია;

ევროკავშირის მხარდაჭერა გაზრდილია და ჩვეულ ნიშნულსაა ისევ დაბრუნებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პოლიტიკური სპინი შესაძლოა მუშაობდეს, მაგრამ მხოლოდ დროებით, რადგან ასპირაცია ამ სპინზე უფრო ძლიერია;

ევროკავშირში გაწევრიანების სასარგებლოდ ყველაზე დიდი პოზიტიური გარდატეხა უმცირესობათა დასახლებებში და ქართული ოცნების ამომრჩევლებში მოხდა;

უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა საკმარისს არ აკეთებს ან არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს.

ახლა მინდა კიდევ ერთხელ დავუბრუნდე ირაკლი კობახიძის კომენტარს, სადაც ქართული ოცნების ლიდერი გვარწმუნებს, რომ ამერიკის და რუსეთის კანონმდებლობა ერთი და იგივეა. ისევ გულწრფელად გეტყვით - ვერ ვხვდები, ვინ შეიძლება ეს დაიჯეროს.

შევხედოთ, როგორ ექცევიან სამოქალაქო სექტორს ამერიკაში და შევხედოთ, როგორ ექცევიან რუსეთში; შევხედოთ როგორ ექცევიან ბიზნესმენებს ამერიკაში და შევხედოთ, როგორ ექცევიან რუსეთში; შევხედოთ, როგორ ექცევიან მედიას ამერიკაში და როგორ ექცევიან რუსეთში; შევხედოთ, როგორ ექცევიან რიგით მოქალაქეს ამერიკაში და როგორ ექცევიან რუსეთში.

თვალები ხომ გვაქვს? – გავახილოთ და შევხედოთ.

საერთოდ არ გიფიქრიათ, რატომ აგენტი? შეიძლებოდა სრულიად ნეიტრალური ენითაც – მაგალითად: წარმომადგენელი, შუამავალი, მაგრამ არჩეულია აგენტი, რომელსაც საქართველოში სრულიად გასაგები კონოტაცია აქვს და რომელიც საუკეთესოდ გამოდგება იარლიყად – ზუსტად ისე, როგორც რუსეთში.

ამის შესახებ გაფრთხილებაა ძალიან დიპლომატიური განცხადება, რომელიც იმავე დღესვე მოვისმინეთ თბილისში ამერიკის საელჩოსგან და ოდნავ მოგვიანებით, ევროკავშირისგანაც.

„შემთხვევითი არ არის, რომ კრემლის ერთ–ერთი სამიზნე საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებაა. უდავოდ, ძლიერ დემოკრატიას მოაქვს კეთილდღეობა და უსაფრთხოება. მაგრამ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე დემოკრატიას წარმატების იმედი არ აქვს. შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართული სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას და მათთან თანამშრომლობას საქართველოს ინსტიტუტების გასაძლიერებლად. საქართველომ უნდა გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმები, რომ მიაღწიოს უფრო უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავლის მიზანს – ეს არის ის, რაც საქართველოს მოქალაქეებს სურთ და რასაც ისინი იმსახურებენ“ – ასეთი იყო ამერიკის საელჩოს გზავნილი.

რაც შეეხება ევროკავშირს, ასეთი აქცენტები დაისვა: „შემაშფოთებელია „ხალხის ძალის“ მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი. სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველია. ეს ასევე საკვანძოა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში და 12 პრიორიტეტის ნაწილია. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სახელმწიფოებს აქვთ მოვალეობა, პატივი სცენ, დაიცვან და ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოების უსაფრთხო და ხელსაყრელ გარემოს, ასევე, გამოხატვისა და მედიის თავისუფლებას. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობა და სტანდარტები აღიარებს რესურსებზე ხელმისაწვდომობას, დაფინანსების ჩათვლით, როგორც გაერთიანების თავისუფლების განუყოფელ კომპონენტს, როგორც ეს გათვალისწინებულია სამოქალაქო ან პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 22–ე მუხლში, რომლის მხარეც საქართველოა. საშინაო და საერთაშორისო დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა კი არ უნდა შეიზღუდოს, არამედ უნდა იყოს ხელშეწყობილი, როგორც აუცილებელი პირობა სამოქალაქო საზოგადოების არსებობისა და მნიშვნელოვანი მუშაობისთვის“.

მოსახლეობის დაკვეთა. ძალიან ხშირად გვესმის ეს ფრაზა ხელისუფლებისგან – ასე ამართლებენ ფასების კონტროლს, ასე ამართლებენ რუსეთზე დამოკიდებულების ზრდას, ასე ამართლებენ უმიზნო სუბსიდიებს, ასე ამართლებენ 5 ივლისის მსგავს მოვლენებს, ასე ამართლებენ ამ კანონსაც. თუმცა, როგორც კი კრიტიკულ აზროვნებას და ანალიზს ჩართავ, მაშინვე ხვდები, – სინამდვილეში ასეთი სურვილები მხოლოდ ერთ მუჭა ადამიანებს აქვთ – უმრავლესობის დაკვეთა ეს არ არის.

კვლევა, რომელიც CRRC-საქართველომ გამოაქვეყნა – საგარეო საფრთხეების აღქმა საქართველოში – ჩემი სიტყვების კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია.

მოსახლეობის საგარეო ორიენტაციის გასაგებად რესპონდენტებს სთხოვეს აერჩიათ, ორიდან რომელ მოსაზრებას უფრო ეთანხმებიან: „საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით (ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებით)“ და „საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ უარს იტყვის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე“.

უმრავლესობა (54%) ამბობს, რომ საქართველოსთვის სასარგებლოა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ნატოსა და ევროკავშირის წევრობა მათ ქვეყანას ეკონომიკურ განვითარებას მოუტანს და არ სჯერა, რომ ამის გამო ეროვნულ იდენტობას დაკარგავენ.

ბევრ საგულისხმო მიგნებასთან ერთად, განსაკუთრებით დამაფიქრებელია მიგნება, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მიუღებლად მიიჩნევს რუსეთთან კონფლიქტის არიდების მიზნით ქვეყნის ძირეული ინტერესების — პროდასავლური მისწრაფებების, ტერიტორიებისა და დამოუკიდებლობის დათმობას. გამოკითხულთა მხოლოდ მეხუთედი ეთანხმება, რომ საქართველომ რუსეთთან ომის არიდების მიზნით პროდასავლური ორიენტაცია უნდა დათმოს (ოდნავ მეტი ეთანხმება იმავე დათმობას უკრაინის შემთხვევაში). თითქმის ამდენივე ვერ პასუხობს ამ შეკითხვას, ხოლო გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ამ შესაძლო დათმობას არ ეთანხმება. ამასთან, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები უფრო მეტად არიან მზად, ომის თავიდან აცილების მიზნით პროდასავლური ორიენტაცია დათმონ, ვიდრე ოპოზიციის მხარდამჭერები და პარტიებისადმი მიუმხრობლები.

მოდი, მარტივი კითხვები დავსვათ: საერთაშორისო სავალუტო ფონდი როცა დაფინანსებით გვეხმარება საქართველოს ინტერესს ემსახურება თუ თავისას? მსოფლიო ბანკი? – როცა მაგალითად ადამიანური

კაპიტალის გაძლიერებისთვის დიდ ფულს ხარჯავს საქართველოში?

EBRD? – როცა მაგალითად, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელმისაწვდომ გრძელვადიან სესხებს გასცემს აქაური კომერციული ბანკების მეშვეობით? USAID? – სოფლის მეურნეობის სექტორში ან კაპიტალის ბაზრის განვითარებაში როცა აინვესტირებს ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულს? და რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ იგივე იუესეიდი – მედიასთან თანამშრომლობს? ფულის წარმომავლობა თუა პრობლემა და გავლენა, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იღებს ამ ფულს – საქართველოს მთავრობა თუ ენჯეო ან მედია?

და როგორ ფიქრობთ, ეს გავლენას არ იქონიებს საინვესტიციო გარემოზე? აი იმ ინვესტიციებზე რომლებიც ისედაც გვაკლია – გრძელვადიან, კაპიტალტევად, ინოვაციურ დასავლურ ინსტიტუციონალურ ინვესტიციებზე, რაც ჩვენი გამდიდრების და უკეთ ცხოვრების გარანტია, რომ ვეღარავინ ვეღარ გამოიყენოს ყველაზე საძულველი საბჭოური ხრიკი – დაამუნათოს წარმატება და სიმდიდრე?

ნახეთ, როგორი განცხადება გააკეთა ირაკლი კობახიძემ ნამახვანჰესის კონტექსტში: „შეგახსენებთ, იყო მაგალითად ნამახვანჰესის მშენებლობის თემა და კონკრეტული უცხოური წყაროებიდან, აქ შეიძლება იყო რუსული კომერციული წყარობი და იყო სხვა წყაროები, მაგრამ იქ იყვნენ კონკრეტული ორგანიზაციები, რომელიც მონაწილეობდნენ ამ ჰესის მშენებლობის დაბლოკვაში, რაც ისახავდა ერთადერთ მიზანს, ეს იყო საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების არასათანადო უზრუნველყოფა, ეს იყო მთავარი მიზანი. კონკრეტული ორგანიზაციები იყვნენ, მე არ გავუსწრებ წინ მოვლენებს. საზოგადოების ყურადღება მინდა გავამახვილო ამაზე, რამდენიმე თვეში იქნება... რუსულიც იყო, მაგრამ არარუსულიც იყო, როდესაც დაიდება რეესტრი იქ ყველა ორგანიზაციასთან დაკავშირებით, ვინ საიდან ფინანსებოდა, რისთვის ფინანსდებოდა, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას ექნება ინფორმაცია და ამის საფუძველზე საზოგადოებამ ჩამოაყალიბოს საკუთარი დასკვნა, ვის ინტერესებში შედიოდა ამ ჰესის მშენებლობის დაბლოკვა და რატომ ფინანსებოდა საწინააღმდეგო მოქმედებები. საზოგადოება იმსჯელებს ამაზე, რამდენიმე თვეში ექნება ამის საშუალება, სუს-ს (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) აქვს თავისი ინფორმაცია, აქ მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის იყოს გამჭვირვალე შესაბამისი ინფორმაცია“.

„რუსულიც იყო, მაგრამ არარუსულიც იყო“ – საკვანძო ფრაზაა და ძალიან დამაფიქრებელი.

და მაინც – რაზე დებს "ქართული ოცნება" ფსონს – რომ საქართველო სხვა ქვეყნებივით იქნება – არ იქნება ევროკავშირის წევრი, ნატო–ს წევრი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მაინც ითანამშრომლებენ – ისე, როგორც მაგალითად თანამშრომლობენ რომელიმე აზიურ ან აფრიკულ ქვეყანასთან? აქ ცხადია იმას ვგულისხმობ, რომ მათ უმრავლესობას არ აქვს დემოკრატიული მისწრაფებები.

მედიაზეც მინდა ვთქვა ორი სიტყვა: საერთაშორისო პრესის ინსტიტუტმა – IPI-მ - საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს მოუწოდა, არ მიიღონ კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც, ინსტიტუტის თქმით, ეხმიანება ანალოგიურ კანონებს ავტორიტარულ ქვეყნებში, მაგალითად, რუსეთში.

„IPI ღრმად შეშფოთებულია იმით, რომ საქართველოს კანონმდებლები განიხილავენ შესაძლებლობას, რუსული ავტორიტარული სცენარის წიგნიდან ამოიღონ ერთი გვერდი „უცხოეთის აგენტებზე“ კანონის მიღებით,“ - განაცხადა IPI-ის დირექტორის მოადგილემ, სკოტ გრიფინმა. „პუტინის კანონი უცხოეთის აგენტებზე კრემლის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია, რომელიც მიმართულია რუსეთში სხვა უფლებებს შორის პრესის თავისუფლებისა და სიტყვის თავისუფლების ჩახშობისკენ. ასეთ კანონმდებლობას არაფერი ესაქმება ქვეყანაში, რომელიც ესწრაფვის ევროპის კავშირში გაწევრიანებას და რომელიც ემხრობა დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს,“- ასეთია გრიფინის მოწოდება.

ორშაბათს ბიუროს სხდომა მედიამ გააპროტესტა. მინდა, ამ ხმით დავასრულო ეს ბლოგიც – არა რუსულ კანონს!





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები