მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ აქვს FARA-ს "თარგმანს" არავითარი კავშირი ამერიკულ კანონმდებლობასთან?

6405cf5582f46
შოთა ტყეშელაშვილი
06.03.23 15:33
1682
საქართველოს პარლამენტი განიხილავს ორ კანონპროექტს, რომლებიც “უცხოური გავლენის აგენტების” რეგისტრაციის მოთხოვნებს აწესებს. საქართველოს ყველა ძირითადი პარტნიორი პარლამენტს მოუწოდებს დაფიქრდეს, სჭირდება თუ არა ქვეყანას ამ კანონმდებლობის მიღება. მათ შორისაა აშშ; ევროკავშირი და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.

პარლამენტში კანონპროექტები “ქართული ოცნების” პარტნიორის, “ხალხის ძალის” მიერ არის ინიცირებული. მათი განცხადებით, მეორე კანონპროექტი წარმოადგენს ამერიკული FARA-ს კანონმდებლობის ზედმიწევნით თარგმანს. თუმცა, ამ პოზიციას არ ემხრობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). სახ. დეპის სპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, ეს არის რუსული კანონპროექტი და ყველა ვინც მის მიღებას მხარს დაუჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ განვითარებას შეაფერხებს. საქართველოს ამ კანონპროექტებზე უარის თქმისკენ USAID-ის ხელმძღვანელი, სამანტა პაუერიც მოუწოდებს.

„საქართველოს მიერ შემოთავაზებული უცხოური აგენტების კანონები სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს და ქართველების შესაძლებლობას, განახორციელონ საკუთარი ეკონომიკური, სოციალური და სხვა მისწრაფებები. მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას ამ შემოთავაზებულ კანონებზე," - წერს სამანტა პაუერი.

მთავარი სხვაობა, რაც ხალხის ძალის კანონპროექტსა და ამერიკულ FARA-ს შორისაა, არის ის, რომ ამერიკული კანონმდებლობის ძირითადი ფოკუსი არის საერთაშორისო ლობისტური საქმიანობის და უცხოური პროპაგანდის მონიტორინგზე. FARA-ს სისტემაში ამჟამად სულ 733 პირი და ორგანიზაცია არის რეგისტრირებული, მათი უდიდესი ნაწილი უცხოური მთავრობების მიერ დაქირავებული ლობისტები არიან, რომლებიც უცხოეთის მთავრობების პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გატარებისთვის საქმიანობენ.

მაგალითად, რუსეთის შემთხვევაში FARA-ში რეგისტრირებულია სულ 5 პირი, მათგან 4 სახელმწიფო მედიასაშულება Russia Today-ის კონტრაქტორებს წარმოადგენენ, ერთი კი მილიარდერ რომან აბრამოვიჩთის ლობიზმთან არის დაკავშირებული. UAE-ს შემთხვევაში რეგისტრირებულია 23 პირი, რომლებიც არაბეთის გაერთიანებული საამიროების ნავთობის და ტურიზმის სექტორების პოპულარიზაციის ლობისტურ საქმიანობას ეწევიან.

მთავარი გამონაკლისი, რაც ამერიკულ კანონმდებლობაშია არის ის, რომ FARA-ში რეგისტრაცია არ უწევთ პირებს, რომლებიც არ წარმოადგენენ უცხო ქვეყნის მთავრობების ან პარტიების ან პირების ინტერესებს. FARA-ს ვებგვერდზე შავით თეთრზე წერია, რომ რეგულირებაში არ ექცევიან პირები, რომლებიც არ საქმიანობენ უცხო ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების სასარგებლოდ. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი სხვაობა FARA-სა და “ხალხის ძალის” კანონპროექტს შორის.

FARA-ში ფაქტობრივად არ არიან წარმოდგენილი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე უცხოური მედიასაშუალებები.

რუსული Russia Today და ჩინური Xinhua აშშ-ში ეწევიან პროპაგანდისტულ საქმიანობას, ამიტომაც მათი ოპერაციები FARA-ს გამჭვირვალობის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. მაგრამ FARA-ს მოთხოვნები არ ვრცელდება DW-სთან; BBC-სთან ან France 24-თან დაკავშირებულ პირებზე, რადგანაც ისინი აშშ-ში უცხო ქვეყნის მთავრობის სასარგებლოდ პროპაგანდას და ლობისტურ საქმიანობას არ ეწევიან.

"ხალხის ძალის" მიერ მომზადებული კანონპროექტი კი სრულიად სხვა სახის და მასშტაბის რეგულირებას მოიცავს. კანონპროექტს არ გააჩნია ფოკუსი ლობისტურ საქმიანობასა და უცხო ქვეყნის სასარგებლოდ მოქმედებაზე, შესაბამისად, ის “აგენტის” სტატუსს ანიჭებს იმ პირებსაც, რომლებიც საქართველოს ინტერესების სასიკეთოდ ეწევიან საქმიანობას. მათ შორის იქნებიან საქართველოს ყველა ძირითადი დონორის მიერ დაფინანსებული პროექტები და ოპერაციები იმისდა მიუხედავად, რომ მათ უცხო ქვეყნის პოლიტიკური ძალის ინტერესების წარმოდგენასთან და ლობიზმთან არავითარი კავშირი არ აქვთ.

მაგალითად, ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც USAID-ის დაფინანსებით ახორციელებს ქალთა უფლებების გაძლიერების სამუშაოებს, "ე.წ. FARA"-ს თარგმანით "უცხოური გავლენის აგენტის" სტატუსს მიიღებს, მაშინ როდესაც აღნიშნული პროექტის ფარგლებში არცერთი უცხო ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესის რეპრეზენტაცია არ ხდება. შესაბამისად, ამ ფოკუსის გარეშე FARA-ს ეგრეთ წოდებული ქართული თარგმანი არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციას ემსახურება. 

თუკი ამერიკულ FARA-ში ამჟამად რეგისტრირებულია 733 პირი, საქართველოს შემთხვევაში, იმ კანონპროექტებით, რომელთა განხილვაც პარლამენტში მიმდინარეობს, უცხოეთის აგენტის სტატუსს, ათასობით ორგანიზაცია და ფიზიკური პირი მიიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები