მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„აღარ მოვტყუვდებით“ - დევნილებმა, დევნილთა სააგენტოსთან უსამართლო საბინაო პოლიტიკა გააპროტესტეს

პროტესტი

დღეს, დევნილებმა, დევნილთა სააგენტოს წინ აქცია გამართეს, სადაც უსამართლო საბინაო პოლიტიკას აპროტესტებდნენ და დევნილებისთვის ღირსეული საცხოვრებელი მოითხოვეს. აქციის მონაწილეებმა ზამირ კვეკვესკირი გაიხსენეს. ისინი აცხადებენ, რომ აღარ მოტყუვდებიან და თავისი უფლებების დაცვას გააგრძელებენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, დევნილი ვენერო მელუა აცხადებს, რომ აქ იმისთვის შეიკრიბნენ რომ სახელმწიფომ არც ერთი დევნილი აღარ მოატყუოს.

„ჩვენ აქ ვართ ძალიან დიდხნიანი და დაგროვილი პროტესტისთვის, რომელიც არაერთხელ ჩაახშვეს და ამის გზა დევნილების დაშანტაჟება იყო, ცრუ დაპირებების მიცემა, მოტყუება და მათთვის არაფერზე დაფუძნებული მოლოდინების შექმნა, რომ მათ კონფლიქტიდან 32 წლისთავზე ჭერი ექნებოდათ. ამის მიუხედავად, შეურაცხყოფის, გარიყვის მეტი არაფერი მიუღიათ დევნილებს არც ერთი ხელისუფლებისგან. ამ ქვეყანას ამ 32 წლიდან 13 წელია მართავს ხელისუფლება, ისე რომ დევნილებისთვის არაფერი გაკეთებულა და მეტიც მესიჯად აგზავნის სახელმწიფო, რომ დევნილმა პროტესტის უკიდურეს ფორმებს უნდა მიმართოს. ჩვენ აქ ვართ იმისთვის რომ ეს აღარ მოხდეს და თითოეულმა დევნილმა იცოდეს, რომ მათ გვერდით ვართ და არც ერთი დევნილი მარტო აღარ იქნება“, - განაცხადა ვენერო მელუამ.

BM.GE-ის კითხვაზე - როგორ აფასებს პარლამენტში ინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც დევნილის გარდაცვალების მისი ოჯახის წევრები საცხოვრებელს მაინც მიიღებენ, ვენერო მელუამ განაცხადა, რომ ეს ირონიაა და ამ ინიციატივის შემუშავებისას დევნილებთან კომუნიკაცია არ ყოფილა.

„მე არ ვიცნობ დევნილს, რომელსაც ამ კანონის ინიცირებისას აფხაზეთის მთავრობიდან ვინმემ აზრი ჰკითხა. მაინტერესებს ვის ჰკითხეს. მაინტერესებს ვისთან შეთანხმებით გადაწყვიტეს, რომ ეს ის აუცილებელი მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო, რაც დევნილებს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ რეალობაში, სადაც 51 000 ოჯახზე მეტი სახლ-კარის გარეშეა. ეს ინიციატივა იმის ფონზეა ირონიული, როდესაც 2023 წლიდან ბავშვებს დევნილის სტატუსს ართმევენ და ამის ფონზე გარდაცვლილების უფლებებს იცავენ. ეს ძალიან ირონიულია და ჩვენი მოტყუების ახალი ტალღაა. ჩვენ აღარ მოვტყუვდებით“, - განაცხადა მან.

აქციაზე იმყოფებოდა მსახიობი, აფხაზეთიდან დევნილი კახა კინწურაშვილი, რომელიც ასევე აცხადებს, რომ დევნილებთან ერთად არსებული უსამართლობის წინააღმდეგ პროტესტი, დანარჩენმა საზოგადოებამაც უნდა გამოხატონ.

„დევნილების 30 წელზე მეტია ითხოვენ საცხოვრისს, ყურადღებას. ზამირის შემთხვევა, სამწუხაროდ არ არის პირველი, იმედი მაქვს, რომ უკანასკნელი იქნება, რადგან დღეს უფრო მეტად მწამს, რომ ჩვენი საზოგადოება უფრო მეტად სოლიდარულია. ყველამ დაინახა ის სიყრუე და სიჩუმე, რაც დევნილების მიმართ წლების განმავლობაში და შეიძლება საზოგადოებამ და არა მხოლოდ დევნილებმა აიმაღლონ ხმა ამ უსამართლობის წინააღმდეგ. ეს სამინისტრო, რეალურად, ფიქტიურია, რაღაც თამაშს თამაშობენ და გაჟღენთილია კორუფციით და უსამართლობით. ეს უნდა დასრულდეს.

ტერმინი ლტოლვილი ნელ-ნელა გაქრა ჩვენს საზოგადოებაში, რაც მნიშვნელოვანია და ის სტატუსი დაუბრუნდა დევნილებს, რომელიც რეალურად აღწერს მათ მდგომარეობას. ჩვენ არ ვართ ლტოლვილები, ჩვენ ჩვენს ქვეყანაში დევნილები ვართ და სხვა ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულები არ ვართ, შესაბამისად ეს ტკივილი, რომელსაც თითოეული დევნილი ატარებს, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გაიაზროს და ამ ჩაგვრისა და სიჩუმისთვის იმ ადამიანებს უნდა მოსთხოვოს პასუხი, ვინც ვალდებულია დევნილების საცხოვრებლით დააკმაყოფილოს. თუნდაც ჩემი მშობლები დევნილების სახლში ცხოვრობენ. 12 წლის წინ პირადად ბიძინა ივანიშვილის დაჰპირდა, რომ სადაც ისინი შესახლებულები იყვნენ ეს ფართები დაუკანონდებოდათ, მაგრამ სელექცია მოხდა. რა ფართებიც აწყობდათ დააკანონეს, რაც არა დაუკანონებელია. ასეთი ტყუილების წინაშე ვდგავართ ჩვენ წლებია. დღეს ჩვენი საზოგადოება ხედავს რა პირობებში უწევთ დევნილებს ცხოვრება“, - განაცხადა კახა კინწურაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები