"ადამიანებს, ვისაც სინდისის პატიმრებს ეძახით, დანაშაული აქვთ ჩადენილი. აღიარონ შეცდომები, დავაკვირდებით მოვლენებს, დღეს ვერ და არ გაგცემთ პასუხს, რომ ვინმეს შევიწყალებ", - ასე უპასუხა "ოცნების" პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, სინდისის პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით, სადაც მაგალითად ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ პოლიტპატიმრების შეწყალების გადაწყვეტილება მოიყვანა.
ყაველაშვილის თქმით, შემდეგი შეწყალება სავარაუდოდ ნათლისღებისთვის იქნება. რაც შეეხება სხვა ქვეყნის მაგალითის მოყვანას, ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ "საკუთარ ქვეყანაში სხვა ქვეყნის მაგალითის მოყვანა, ჩემთვის მიუღებელია".
მისივე განცხადებით, სინდისის პატიმრებმა "დანაშაული უნდა აღიარონ".
„ირონიული კითხვაც დავსვი, პროდასავლელები თუ ხართ, რომელ დასავლეთს უჭერთ მხარს? რომელს უჭერთ მხარს, ამერიკის არსებულ ადმინისტრაციას, თუ ევროკავშირის ადმინისტრაციას, ერთმანეთთან დაპირისპირებულ მდგომარეობაში არიან დღეს. თქვენ რომელ მხარეს ხართ, ამერიკის, თუ ევროკავშირის ბიუროკრატიის? ის მოტყუებული ადამიანები, ახალგაზრდები გამჭვირვალობის კანონის გამო გამოიყვანეთ, მაგის გამო გინდოდათ, რომ ქვეყანაში რევოლუცია მოგეხდინათ. ახალმა ადმინისტრაციამ თავად გააუქმა ორგანიზაციები, რომლითაც იკვებებოდა ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლის გამოც რევოლუციის მოწყობა გინდოდათ საქართველოში. ეს რეალობა უნდა გაითავისონ იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც კიდევ მოტყუებული არიან, დაგყავთ ყოველ დღე და იმ ადამიანებმა, რომლებიც არიან ციხეში. აღიარონ თავისი შეცდომები, ამის მიხედვით ვნახოთ, დავაკვირდებით მოვლენებს, რა და როგორ იქნება. მე დღეს ვერ და არ გაგცემთ პასუხს, რომ ვინმეს შევიწყალებ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.




























