მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აღინიშნა ინვესტორების მზარდი ინტერესი საქართველოს მიმართ" - რაზე ესაუბრა გენადი არველაძე ავსტრიელ კოლეგას?

გენადი არველაძე
19.02.25 13:41
740

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და ავსტრიას შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომის ჩატარება ოქტომბერში იგეგმება.

უწყების თანახმად, "ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ავსტრიის შრომისა და ეკონომიკის სამინისტროში გამართა შეხვედრა, რომელზეც განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. ის შეხვდა სამინისტროს ეკონომიკური, ინოვაციური და საერთაშორისო პოლიტიკის გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორს, ფლორიან ფრაუშერს.

„ძალიან კარგი შეხვედრა შედგა, განვიხილეთ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები და ის სფეროები, რომლებიც ორივე ქვეყნის ინტერესში შედის - რომ განვავითაროთ ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიცაა ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ტრანსპორტის სფეროები. ასევე განვიხილეთ პროექტები, რომლებიც რეგიონში ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მნიშვნელობას კიდევ უფრო გააძლიერებს, ესენია შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, ასევე ციფრული კაბელი, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერებას. მნიშვნელოვანია, რომ ავსტრია ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს რეფორმირების და გამოცდილების გაზიარების კუთხით“, - აღნიშნა გენადი არველაძემ.

სამინისტროს ინფორმაციითვე, შეხვედრის მონაწილეთა მხრიდან აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და ავსტრიას შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მნიშვნელობაზე, რომლის მორიგი სხდომის ჩატარება 2025 წლის ოქტომბერში იგეგმება. ასევე გათვალისწინებულია ბიზნეს ფორუმის ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას ორივე ქვეყნის კომპანიები მიიღებენ. ხაზგასმით აღინიშნა ავსტრიელი ინვესტორების მზარდი ინტერესი საქართველოს მიმართ, კერძოდ, ავსტრიული კაპიტალის მონაწილეობით აქტიურად ხორციელდება საინვესტიციო პროექტები ლოგისტიკის, ენერგეტიკის, სურსათის წარმოების, ტურიზმისა და სხვა სექტორებში.

„დღეს ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან. ვისაუბრეთ ორმხრივ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე, გვქონდა დისკუსია ევროკავშირის ინტეგრაციის პროცესზე და ასევე სხვადასხვა პოტენციურ პროექტზე ავსტრიაში და საქართველოში, სადაც ჩვენი კომპანიები შეძლებდნენ თანამშრომლობას. ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს, მაგალითად, ინფრასტრუქტურის სფეროში, ასევე ენერგეტიკის სფეროში. ჩვენი ქვეყნები დიდ ინვესტიციას ახორციელებენ მწვანე ენერგიაში და ჩვენ გვინდა ვითანამშრომლოთ ამ სფეროში. მოუთმენლად ველი, რომ წლის მეორე ნახევარში ჩამოვალ საქართველოში და თან ჩამოვიყვან ბიზნეს დელეგაციას, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები“, - აღნიშნა ფლორიან ფრაუშერმა.

შეხვედრაზე ასევე დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ტურიზმის სექტორში. ხაზი გაესვა საქართველოში ავსტრიელი მოგზაურების მზარდ დინამიკას ბოლო წლებში, კერძოდ, ავსტრიიდან საქართველოს 2023 წელს 48%-ით მეტი მოგზაური ეწვია, 2024 წელს კი - 14%-ით მეტი. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, მოგზაურების დინამიკის ზრდას ხელი შეუწყო კიდევ ერთი პირდაპირი ფრენის დამატებამ და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ბაზარზე ავსტრიის ავიახაზების შემოსვლამ. ასევე ხაზი გაესვა ავსტრიული მხარის ჩართულობის მნიშვნელობას სამთო ტურიზმის განვითარების მიმართულებით.

შეხვედრაზე გენადი არველაძემ ავსტრიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა ავსტრიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ევროინტეგრაციის კუთხით ავსტრიამ წლების განმავლობაში სერიოზული დახმარება გაუწია საქართველოს და მნიშვნელოვანია მისი როლი ევროინტეგრაციის გზაზე, რომ დიალოგის პროცესში ეს როლი კიდევ უფრო გაძლიერდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები