მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს კანონმდებლობა DCFTA-ით გათვალისწინებულ ნორმატიულ აქტებთან 60%-ზე მეტადაა დაახლოებული - გენადი არველაძე

ეკონომიკის სამინისტრო
BM. GE
06.09.23 17:18
68

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ეროვნული სამოქმედო გეგმის 6 თვის შედეგებზე მოხსენება გააკეთა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის იმ ნორმატიულ აქტებთან, რაც DCFTA-ით არის გათვალისწინებული უკვე 60%-ზე მეტადაა დაახლოებული. გენადი არველაძის შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი პროგრესია და ევროკავშირის ერთიან ბაზარში საქართველოს ინტეგრაციის მაღალ ტემპებს ნიშნავს.

ორმხრივი ვაჭრობის კომენტირებისას, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ 2023 წლის 6 თვეში ბრუნვა 21%-ით გაიზარდა.  მან განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება ექსპორტის ზრდაზე ისეთ მნიშვნელოვან სასაქონლო პოზიციებზე, როგორიცაა მინერალური წყალი (43%), ხილ-ბოსტნეულის კონსერვები (52%), ნატურალური წვენები (93%), უალკოჰოლო სასმელები (36%), აზოტოვანი სასუქები (84%). მისი თქმით, საქართველოდან ევროკავშირში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი 5%-ით გაიზარდა. 
 
გენადი არველაძის განცხადებით, მთავრობა აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ინსტრუმენტებს კერძო სექტორის, მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ამაღლების და ახალ მოთხოვნებთან ადაპტაციის ხელშეწყობის მიზნით. მისი თქმით, ამ მიზნით, სამინისტროს ქოლგის ქვეშ შეიქმნა სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, რომელიც ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ისეთი პროგრამების გამოყენებით, როგორიცაა ფინანსებზე წვდომის გაზრდა, ბიზნეს უნარების განვითარება, ექსპორტის და ინვესტიციების ხელშეწყობა და სხვ.

უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილემ ყურადღება ასევე ბაზარზე ზედამხედველობის, აკრედიტაციის, ხარისხის ინფრასტრუქტურის, სახელმწიფო შესყიდვების და სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე გაამახვილა. 

BMG-მ ეკონომიკის სამინისტროდან DCFTA - ის ეროვნული სამოქმედო გეგმის 6 თვის შედეგების დეტალური ანგარიში გამოითხოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები