მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ასრულებს DCFTA-ით ნაკისრ ექსპორტის ხელშეწყობის პასუხისმგებლობას „აწარმოე საქართველოში“ – 6 თვის ანგარიში

DCFTA

6 სექტემბერში პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ეროვნული სამოქმედო გეგმის 6 თვის შედეგების ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს გენადი არველაძეს უსმენდნენ. გენადი არველაძის ინფორმაციით, საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის იმ ნორმატიულ აქტებთან, რაც DCFTA-ით არის გათვალისწინებული უკვე 60%-ზე მეტადაა დაახლოებული, რაც მნიშვნელოვანი პროგრესია და ევროკავშირის ერთიან ბაზარში საქართველოს ინტეგრაციის მაღალ ტემპებს ნიშნავს.

BMG, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების 2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების 6 თვის დეტალური ანგარიშით დაინტერესდა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართა. უწყებამ ანგარიში მოგვიანებით სპეციალურად შექმნილ ვებგვერდ DCFTA.gov.ge-ზე გამოაქვეყნა. 52-გვერდიან დოკუმენტში სხვადასხვა მიმართულებით მიზნები, ამოცანები, პასუხისმგებელი უწყებები და გადადგმული ნაბიჯებია წარმოდგენილი. 

შეთანხმებით გათვალისწინებული ერთ-ერთი მიზანი ევროკავშირის ტერიტორიაზე ექსპორტის ხელშეწყობას ითვალისწინებს, რომელიც 6 თვის ანგარიშის მიხედვით თავის მხრივ 3 ამოცანას აერთიანებს. ამ მიზნის ამოცანებზე პასუხისმგებელი უწყება კი ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ი აწარმოე საქართველოშია. 

ექსპორტის ხელშეწყობის პირველი ამოცანა ევროკავშირში საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციაა, რაც EU-ის ქვეყნებში საერთაშორისო ღონისძიებებში, გამოფენებში და სავაჭრო მისიებში ქართული კომპანიების მონაწილეობის ხელშეწყობას გულისხმობს. მისი შესრულების ანგარიში კი ასეთია: „2023 წლის I და II კვარტალში, სააგენტოს დახმარებით მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში გამართულ 6 საერთაშორისო გამოფენასა და ერთ მოდის კვირეულის თანმდევ შოურუმში. ჯამურად მოცემულ ღონისძიებებზე სააგენტოს [აწარმოე საქართველოში] მხრიდან განხორციელდა 60 თანადაფინანსების ფაქტი“.

აწარმოე საქართველოში აგებს პასუხს ასევე მეორე ამოცანაზე, რომელიც სესხის/ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსებით პროგრამის ფარგლებში მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერას ითალისწინებს. დოკუმენტში აღნიშნულია: „2023 წლის 6 თვის მდგომარეობით, უნივერსალური პროგრამების ფარგლებში დამტკიცდა 241 კომპანიის 254 სესხის/ლიზინგის თანადაფინანსება, რომელთა ჯამური დამტკიცებული მოცულობა 173 მილიონი ლარია. აღნიშნული პროექტების ფარგლებში დაგეგმილია 282.4 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელება და 2000 -ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნა“.

რაც შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესების ექსპორტის მენეჯერების გადამზადებას, ამ ნაწილში სააგენტოს ხელშეწყობით „2023 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით, ჩატარდა 2 ექსპორტის მენეჯერთა სასერთიფიკატო კურსი. კურსები ჩატარდა თბილისსა და თელავში, რომლის ფარგლებშიც გადამზადდა 45 ექსპორტის მენეჯერი“.

ექსპორტის მიმართულებით მცირე და საშუალო ბიზნესების შესაძლებლობების განვითარების ამოცანაში ერთიანდება Trade with Georgia პლატფორმის პოპულარიზაცია და გამოყენების ზრდა, რა დროსაც წლის პირველ ნახევარში აღნიშნულ პლატფორმაზე 60 კომპანია დარეგისტრირდა.

დოკუმენტში ექსპორტის ხელშეწყობის მიზნის ბოლო ამოცანა ექსპორტის სტიმულირების ტექნიკური დახმარების პროგრამის განხორციელებაა, რომლის დაწყებაც ანგარიშის მიხედვით 2023 წლის III-IV კვარტალში იგეგმება.

სამწუხაროდ, შესრულების ანგარიშში EU-ში ექსპორტის ხელშეწყობის შესრულების მოცულობები აღნიშნული არ არის. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები