მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირში ექსპორტის ხელშესაწყობად ₾62 მლნ დაიხარჯება - DCFTA-ის ანგარიში

საქართველო

საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე წელს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 61 590 000 ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების 2024 წლის სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული. შესაბამის პროექტებზე პასუხისმგებელი უწყება სააგენტო "აწარმოე საქართველოშია".

რა იგეგმება და კეთდება ევროკავშირის ტერიტორიაზე ექსპორტის ხელშეწყობისთვის?

საერთაშორისო ღონისძიებებში, გამოფენებსა და სავაჭრო მისიებში ქართული კომპანიების მონაწილეობის ხელშეწყობის დაფინანსება გაზრდილია და წელს 2 500 000 ლარს შეადგენს. 2023 წლის გეგმით, ამ მიმართულებით 1 500 000 ლარი იყო გამოყოფილი. რაც შეეხება შედეგებს, DCFTA-ის განხორციელების 2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის მიხედვით, სააგენტოს დახმარებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა იტალიაში, გერმანიაში, პორტუგალიასა და საფრანგეთში გამართულ 10 საერთაშორისო გამოფენასა და ორ მოდის კვირეულის თანამდევ შოურუმში. ჯამურად, ამ ღონისძიებებზე თანადაფინანსებების რაოდენობა 114 იყო.

ამასთან, წელს მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდასაჭერად, სესხის/ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში 58 500 000 ლარი დაიხარჯება. პროგრამის ბიუჯეტი 2023 წელთან შედარებით შემცირებულია, ვინაიდან გასულ წელს პროგრამისთვის 108 000 000 ლარი იყო გათვალისწინებული. შესრულების ანგარიშის მიხედვით, პროგრამის ფარგლებში 560 კომპანიის 655 სესხის/ლიზინგის თანადაფინანსება დამტკიცდა, რომელთა ჯამური მოცულობა 519.6 მილიონი ლარია. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ამ პროექტების ფარგლებში დაგეგმილია 898.1 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელება და 5 700‐ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნა.

მცირე და საშუალო ბიზნესების ექსპორტის მენეჯერების გადამზადებისთვის მიმდინარე წელს 90 000 ლარია გამოყოფილი, 2023 წელს ბიუჯეტი 75 000 ლარი იყო. გასულ წელს 60 მენეჯერი გადამზადდა.

ექსპორტის სტიმულირების ტექნიკური დახმარების პროგრამისთვის წელს 500 000 ლარია გამოყოფილი. დაფინანსება ამ შემთხვევაშიც გაზრდილია, ვინაიდან გასულ წელს თავდაპირველი ბიუჯეტი 350 000 ლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები