სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ იანვარ-ივნისში ექსპორტის მხარდაჭერის მიზნით 241 კომპანიაზე 254 სესხის/ლიზინგის თანადაფინანსება გასცა. ამის შესახებ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ეროვნული სამოქმედო გეგმის 6 თვის შედეგებშია აღნიშნული.
საქმე ის არის, რომ ევროკავშირში ექსპორტის ხელშეწყობის მიზანსა და ამ მიზნით გაწერილ ამოცანებზე ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ი აწარმოე საქართველოშია. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ წლის პირველ ნახევარში მცირე და საშუალო ბიზნესების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ფარგლებში სესხის/ლიზინგის თანადაფინანსების პროგრამით 241 კომპანიაზე 173 მლნ ლარი დამტკიცდა.
„აღნიშნული პროექტების ფარგლებში დაგეგმილია 282.4 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელება და 2000 -ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნა“, - ნათქვამია ანგარიშში.
რაც შეეხება 2022 წლის მაჩვენებელს, DCFTA-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, უნივერსალური ინდუსტრიული პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსება 275 კომპანიამ 309 სესხი/ლიზინგზე მიიღო, რომელთა ჯამური დამტკიცებული მოცულობა 202 მლნ ლარია. აღნიშნული პროექტების ფარგლებში დაგეგმილია 305 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელება და 3,800-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა.
ამასთან, თუ 2023 წლის პირველ ნახევარში სააგენტოს ხელშეწყობით, თბილისსა და თელავში ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო 2 კურსი ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც 45 ექსპორტის მენეჯერი გადამზადდა. გასულ წელს კი ექსპორტის მენეჯერთა სამი კურსი 80-მა პირმა გაიარა.