მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აღმოაჩინე აჭარა: UNESCO-ს დაცული ტყეები, ლეგენდარული ქართული სტუმარმასპინძლობა და მომავლის არქიტექტურა

მტირალას ეროვნული პარკი

ევროპის მასშტაბური მედია პლატფორმა Euronews Travel - აჭარის კულტურულ მემკვიდრეობაზე, საუკუნოვან სტუმარმასპინძლობის ისტორიასა და ბათუმში მიმდინარე ამბიციურ პროექტებზე - მათ შორის, რეგიონის ყველაზე მულტიფუნქციურ კომპლექს ალიანს ცენტროპოლისსა და კავკასიის პირველ “მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე” სტატიას აქვეყნებს. 

Euronews-ის სტატიაში აჭარა მოხსენიებულია როგორც გზაჯვარედინი, რომელიც ორ ცივილიზაციას, ევროპასა და აზიას, ერთმანეთთან აკავშირებს. 

“აჭარის რეგიონი მრავალფეროვანი ბუნებით - სუბტროპიკული კლიმატით, ბამბუკის ხეებითა და ციტრუსოვანი პლანტაციებით - გამოირჩევა, რაც მოგზაურებს საშუალებას აძლევს, შავი ზღვის სანაპიროებზე დასვენების შემდეგ, სულ რაღაც 10 წუთში, ჩანჩქერებითა და ხელუხლებელი ტროპიკული ტყეებით სავსე მთებში აღმოჩნდნენ.

უნიკალური ტყეები აჭარის რეგიონის 60%-ს ფარავს, სადაც ზოგიერთი ხე 20 მილიონ წელს ითვლის. აჭარა ერთადერთი ადგილია მსოფლიოში, სადაც ერთდროულად იყრის თავს კოლხური ტყე, ნოტიო, ფოთლოვანი წვიმის ტყეები და წყალ-ჭაობიანი ადგილები. 

მტირალას ეროვნული პარკი ერთ-ერთია იმ დაცულ ტერიტორიათაგან, რომელიც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.  

მაიკ გარფორტი ბრიტანელი ტყეების ექსპერტია, რომელიც უკვე ორი ათწლეულია, საქართველოში ცხოვრობს. როგორც მან Euronews-ს განუცხადა, აჭარის ტყეებმა გამყინვარების ხანას გაუძლეს.

“აქაურმა ტყეებმა გამყინვარების ხანას გაუძლეს. როდესაც ევროპის დანარჩენი ნაწილი ასეულობით მეტრი ყინულით იყო დაფარული, ტყეები და ველური ბუნება კი განადგურდა, აქ, საქართველოში, ყველაფერი გადარჩა. და ამიტომ გვაქვს ენდემური სახეობები, რომლებსაც სხვაგან ვერ შეხვდებით.

საქართველოს ძალიან მდიდარი და საამაყო ისტორია აქვს, ძალიან თბილი ხალხია, მეოჯახე და სტუმართმოყვარე. საქართველოში ამბობენ, რომ სტუმარი ღვთის საჩუქარია და ზუსტად ასეთი დამოკიდებულება აქვთ მათ ცხოვრების, მათი სტუმრების მიმართ”, - ამბობს მაიკ გარფორტი.

საქართველოში მოგზაურობა დასრულებულად არ შეიძლება ჩაითვალოს, ვიდრე ადგილობრივ სამზარეულოს არ გაეცნობი, რომელიც თითოეულ რეგიონში განსხვავებული და გამორჩეული კულინარიული ტრადიციით სრულდება. აჭარული სამზარეულო ევროპული და აზიური სანელებლების უნიკალური მიქსია, რომელიც საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა და მრავალფეროვანი გემოებით დაიმკვიდრა თავი.

ყველაზე ცნობილი კერძი აჭარული ხაჭაპურია - ცომის ნავში მოქცეული ყველი, რომელიც თავზე კვერცხის გულის მოთავსებით სრულდება. არსებობს ლეგენდა, რომ სწორედ აჭარული ხაჭაპური იყო მეზღვაურების საყვარელი კერძი, კვერცხის გული კი ზღვაში ჩამავალი მზის განსახიერებაა.

Euronews-ი ქართული სუფრის ტრადიციაზეც წერს: ვახშამი, რომელიც, როგორც წესი, ათობით სახეობის კერძს გულისხმობს, შესაძლოა საათობით გაგრძელდეს და თან ახლდეს სიმღერა, პოეზია და ამბის თხრობა. ქართულ სუფრას თამადა უძღვება, რომელსაც საზოგადოების სადღეგრძელოებში ჩართვის მნიშვნელოვანი როლი უჭირავს. 

ქართული მეღვინეობა 8 000 წელს ითვლის და UNESCO-ს მიერ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობადაა აღიარებული. ღვინო აქ ქვევრში ინახება, სტუმრებს კი სუფრამდე ქვევრის გახსნის საუკუნოვანი რიტუალის გაზიარების საშუალება ეძლევათ. საქართველო 500-მდე ჯიშის ყურძნის სამშობლოცაა, მათ შორის ზოგიერთი გადაშენების რისკის ქვეშაა, რადგან მსოფლიოს მასშტაბით სხვაგან ვერსად შეხვდებით.

ქართული სტუმართმოყვარეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ფოლკლორული მუსიკა, ცეკვა და სიმღერაა. პოლიფონიური სიმღერა, რომელიც რამდენიმე ხმაში სიმღერის ტექნიკას მოიაზრებს, UNESCO-ს მიერ კულტურულ მემკვიდრეობადაა აღიარებული.

აჭარის რეგიონის დედაქალაქი ბათუმია - კაშკაშა ქალაქი, რომელიც წარსული ხიბლისა და თანამედროვეობის მიქსით გამოირჩევა. ბათუმის ისტორია უხსოვარი დროიდან იწყება და ბერძენი ფილოსოფოსის, არისტოტელეს, ნაწერებშია მოხსენიებული. 

მე-19 საუკუნეში ბათუმი შავ ზღვაზე საერთაშორისო მნიშვნელობის საპორტო ქალაქად იქცა. მე-19 საუკუნის ბოლოს კი ცნობილი ბულვარის მშენებლობაც დაიწყო, რომელიც ზღვის გასწვრივ, 7 კილომეტრზეა გაშენებული.

ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ქალაქმა ტრანსფორმაცია განიცადა, ქუჩებში თანამედროვე, მაღალი შენობები გაჩნდა. რეგიონის მთავრობა რამდენიმე ამბიციური პროექტისთვისაც ემზადება. მათ შორის რეგიონში პირველი მსოფლიო სავაჭრო ცენტრი და პალმის ხის ფორმის ხელოვნური კუნძულია.

მზის ჩასვლის შემდეგ ბათუმში ცხოვრება გრძელდება. დამსვენებლებისთვის, რომლებსაც ღამის ცხოვრება და კლუბური მუსიკა აინტერესებთ, ქალაქი ბარებისა და კლუბების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, სადაც თავს საერთაშორისო თუ ადგილობრივი შემსრულებლები იყრიან” - წერს Euronews.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები