მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აღმოჩნდა, რომ პირველ რიგში საკუთარ თავს ვაზიანებდით" - როგორ ნერგავს "კომოდუსი" EU-ს რეკომენდაციებს

კომოდუსი

ქართული კომპანია "კომოდუსი", რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 10 წლის წინ გამოჩნდა და ინტერიერის დიზაინთან ერთად კერამიკის წარმოების მიმართულებას ავითარებს, საწარმოო პროცესის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაზე მუშაობს. კომპანია გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და დანიის ინდუსტრიის საპილოტე ინიციატივაში ჩაერთო, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო ექსპერტებმა საწარმოს გარემოსდაცვითი და სოციალური (ESG) მდგომარეობა შეაფასეს.

როგორც "კომოდუსის" დამფუძნებელმა ირინა მუჯირმა "საქმიანი დილას" რუბრიკაში - "საუბრები ბიზნესსა და ევროკავშირზე" - განაცხადა, ევროპული რეგულაციები და სტანდარტები კომპანიისთვის მხოლოდ ექსპორტის პერსპექტივა არაა, არამედ განვითარების უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა.

"კომოდუსი" 10 წლის წინ დაფუძნდა. ჩვენ გვაქვს როგორც ინტერიერის დიზაინის მომსახურება, ისე წლების განმავლობაში ჩვენს მთავარ მიმართულებად კერამიკული წარმოება იქცა. ევროკავშირის მოთხოვნები ჩვენთვის ძალიან საინტერესო და ახალი გამოწვევაა; ამ მაღალ სტანდარტებთან შესაბამისობაში მუშაობა უაღრესად ღირებული გამოცდილება აღმოჩნდა. ამ ბაზარზე გასვლა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფინანსური თვალსაზრისით, არამედ იმითაც, რომ მოვერგოთ ამ სტანდარტებს და განვვითარდეთ. დარწმუნებული ვარ, წინ ძალიან საინტერესო პროექტები გველოდება", - ამბობს ირინა მუჯირი.

როგორც ის აღნიშნავს საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტისა და წარმოების აუდიტის პროცესი დაემთხვა პერიოდს, როდესაც "კომოდუსი" ახალ საწარმოო სივრცეში გადადიოდა, რამაც რეკომენდაციების პრაქტიკაში ასახვა მნიშვნელოვნად გაამარტივა:

"მათი რჩევები ჩვენთვის ძალიან ღირებული გამოდგა. თანაც, გაგვიმართლა, რომ სწორედ ამ პერიოდში ვიცვლიდით ლოკაციას და ახალ საწარმოო სივრცეში გადავდიოდით - ამან მოგვცა საშუალება, მოწოდებული რეკომენდაციები, თუნდაც საწარმოო ხაზის ნაწილში, ბევრად მარტივად გაგვეთვალისწინებინა. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა გარემოსდაცვითი ასპექტები: არასდროს მეგონა, გარემოს თუ რაიმე ზიანს ვაყენებდით, თუმცა აღმოჩნდა, რომ გარკვეული უარყოფითი გავლენა მაინც გვქონდა. ბევრი რამ ვისწავლეთ და უკვე დავნერგეთ, ბევრსაც ახლა ვითვალისწინებთ და იმედი გვაქვს, მათ რეკომენდაციებს სრულად შევასრულებთ" - აღნიშნავს "კომოდუსის" დამფუძნებელი.

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ კომპანიას სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით მინიმალური შენიშვნები ჰქონდა, თუმცა უმთავრესი გამოწვევა შრომის უსაფრთხოებასა და თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაცვას უკავშირდებოდა.

"სხვათა შორის, უამრავ რეკომენდაციასთან ერთად, მათ წერილობით შეფასებაში ბევრი შექებაც დავიმსახურეთ. სოციალური მიმართულებით ნაკლები შენიშვნა გვქონდა, ძირითადი აქცენტი გარემოსდაცვით საკითხებზე გაკეთდა - როგორც ალბათ ყველა საწარმოში, ასე თუ ისე, ჩვენი საქმიანობაც არ არის სრულიად უსაფრთხო. ყველაზე თვალსაჩინო ის აღმოჩნდა, რომ უპირველესად საკუთარ თავს ვაყენებდით ზიანს: გარემოზე ზემოქმედებამდე საფრთხე ჩვენსა და ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობას ექმნებოდა. შესაბამისად, რეკომენდაციების უმთავრესი ნაწილი პირველ რიგში სწორედ ჩვენს ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას დაეთმო", - ამბობს მუჯირი.

ირინა მუჯირის თქმით, მიღებული შეფასების საფუძველზე, "კომოდუსმა" რამდენიმე ფუნდამენტური ტექნიკური ცვლილება უკვე განახორციელა:

"საწარმოო ხაზთან დაკავშირებით მათი არაერთი რჩევა გავითვალისწინეთ - მაგალითად, შემოსული მასალის ნაკადი ისე დაიგეგმა, რომ ის უკან აღარ ბრუნდება [იმავე სივრცეში]; რადგან ზუსტად გადასვლის პროცესში ვიყავით, ეს ცვლილება სრულად დავნერგეთ. ექსპერტების რეკომენდაციით დავაყენეთ სავენტილაციო სისტემაც და კიდევ ბევრი ნაბიჯის გადადგმას ვგეგმავთ. ერთ-ერთი ასეთი მიმართულება ნარჩენების მართვაა - მანამდე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მათი დახარისხება ფერების მიხედვითაც კი გახდებოდა საჭირო..." - აღნიშნავს "კომოდუსის" დამფუძნებელი.

პროექტის ფარგლებში საწარმოსთვის შემუშავებული სამოქმედო გეგმა მოკლე, საშუალო და გრძელვადიან რეკომენდაციებს მოიცავს. "კომოდუსს" საერთაშორისო სტანდარტების სრულად დასანერგად დაახლოებით ორწლიანი ვადა აქვს განსაზღვრული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები