მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის რამდენი კილომეტრი არის დასასრულებელი

გზა მაგისტრალი

2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით, აღმოსავლეთ დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სულ სამი მონაკვეთი არის დასასრულებელი. უკანასკნელი მონაკვეთი, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გახსნა ზემო-ოსიაური ჩუმათელეთის 6.4-კილომეტრიანი მაგისტრალი იყო, რომელიც 15 აგვისტოს გაიხსნა.

დასასრულებელი სამი მონაკვეთის ჯამური სიგრძე 26.5 კილომეტრს შეადგენს. სამივე მონაკვეთის მშენებლობა არაერთი წლით არის ვადაგადაცილებული, რაც ძირითადად არაკეთილსინდისიერი კონტრაქტორების საქმიანობით არის განპირობებული. სამივე ამ მონაკვეთზე არსებულ კონტრაქტორებთან ხელშეკრულება ერთხელ მაინც არის გაწყვეტილი, ცალკეულ შემთხვევაში კი ერთზე მეტჯერაც.

ამასთან, იმის გამო, რომ 26.5 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთები არის დასასრულებელი, ავტომობილებს მოძრაობა ძველ გზებზე ბევრად უფრო დიდ მანძილზე უწევთ, რაც ძველ გზებზე მოძრაობის გადამისამართების წერტილების ლოკაციებს უკავშირდება. შესაბამისად, აღნიშნული სამი მონაკვეთის გახსნით გასავლელი გზის დრო და მანძილიც მნიშვნელოვნად შემცირდება და გზა შემოუვლის ისეთ დასახლებულ პუნქტებს, როგორიცაა ლანჩხუთი; დაფნარი; საჯავახო; ქვემო ჩიბათი; ლესა; ეწერი და ნიგვზიანი.

დასასრულებელი მონაკვეთებია:

  • სამტრედია-გრიგოლეთის პირველი ლოტი - 11.5 კილომეტრი. გაჭიანურების მიზეზი, კომპანია ალტკომის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობა, რასაც ხელშეკრულების გაწყვეტა მოჰყვა, შემდეგ კომპანია აკკორდ-ის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობა, რასაც ასევე კონტრაქტის გაწყვეტა მოჰყვა. პირვანდელი კონტრაქტი 2014 წელს გაფორმდა და ის 2016 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა გზა ამ დრომდე დაუმთავრებელია. 2023 წელს კი მდინარე რიონზე 810-მეტრიანი ხიდი ჩავარდა, რომლის რეკონსტრუქციის დაწყებასაც კვლევები და ექსპერტული დასკვნების მომზადებას ერთ წელზე მეტი დასჭირდა. გასული წლის ბოლოს სახელმწიფომ ხიდის აღდგენისთვის კონტრაქტი "კავკასუს როუდ პროჯექტთან" გააფორმა, არსებობს მოლოდინი, რომ გზაზე ხიდი 2025 წლის ბოლომდე აღდგება. რაც შეეხება პრობლემურ კონტრაქტორებს - ალტკომსა და აკკორდს, მათთან სახელმწიფომ საერთაშორისო საარბიტრაჟო დავები აწარმოა.
  • სამტრედია-გრიგოლეთის მესამე ლოტი - 12 კილომეტრი. გაჭიანურების მიზეზი - კომპანია Todini-ის მიერ 2014 წელს გაფორმებული ხელშეკრულების შეუსრულებლობა, რის გამოც მასთან ხელშეკრულება შეწყდა და დავა დაიწყო, 2022 წელს ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ სამშენებლო კომპანია Hunan Road & Bridge Construction Group-თან, რომელსაც პროექტი 2 წლის ვადაში უნდა დაესრულებინა, თუმცა საბოლოოდ პროექტის დასრულების ვადად 2025 წლის 30 ნოემბერი განისაზღვრა.
  • გრიგოლეთი-ქობულეთის 3-კილომეტრიანი მონაკვეთი (გზა სულ 14 კმ-ის სიგრძისაა, საიდანაც 11 კმ უკვე დასრულებულია). გაჭიანურების მიზეზი - კომპანია Polat Yol-ის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა, რასაც 2025 წლის ივლისში კონტრაქტის გაწყვეტა მოჰყვა. სამშენებლო სამუშაოები 2019 წელს დაიწყო და თავდაპირველი ვადით 2021 წელს უნდა დასრულებულიყო. კონტრაქტორის მოთხოვნით პირველადი ვადა ორჯერ შეიცვალა, თუმცა ვალდებულებები ახალ ვადებშიც ვერ შესრულდა. ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამჟამად კონტრაქტორის ჩანაცვლებაზე მუშაობს. არსებობს მოლოდინი, რომ დარჩენილი 3 კილომეტრის მონაკვეთის დასრულება, რომელიც მდინარე სუფსაზე ხიდის აგებას ითვალისწინებს, 2025 წელსვე მოესწრება.

შესაბამისად, ამჟამად არსებული მოლოდინით, სამივე პრობლემურ მონაკვეთზე საინჟინრო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე მოესწრება.

აღმოსავლეთ დასავლეთის მაგისტრალის კიდევ ორი მნიშვნელოვანი მონაკვეთი - ქობულეთის შემოვლითი გზის ოთხზოლიან მაგისტრალად გადაკეთების, ასევე ბათუმიდან სარფამდე ახალი მაგისტრალის და გვირაბის გაყვანის პროექტი განვითარების ადრეულ ეტაპზეა და ჯერჯერობით შესაბამისი სამშენებლო ტენდერები გამოცხადებული არაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები