მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„აღმოსავლეთ ევროპის უნიკალური პროექტი“ – „თეგეტა" EBRD-თან პარტნიორობით გეზ-ის პროექტს ავითარებს

თეგეტა ჰოლდინგი

„თეგეტა ჰოლდინგი“, EBRD-თან პარტნიორობით, თბილისის შემოვლით გზაზე გეზ-ის პროექტს ავითარებს. კომპანიისთვის, ქვეყნისა და შუა დერეფნის ჭრილში მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ „საქმიან დილაში“ Tegeta Holding-ის მთავარმა ფინანსურმა ოფიცერმა ნიკოლოზ ხიდურელმა ისაუბრა.

„თეგეტა ჰოლდინგი“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საავტომობილო სექტორში განვითარების მასშტაბურ პროექტს იწყებენ. პროექტის ფარგლებში EBRD 25 მილიონი ევროს ოდენობის სესხს გასცემს, ხოლო „თეგეტა ჰოლდინგი“ 7 მილიონ ევროს საკუთარი ინვესტიციით აფინანსებს. მიღებული ფინანსური რესურსი თბილისის შემოვლით გზაზე მდებარე „გეზის“ ფილიალის გაფართოებას მოხმარდება. სესხის დაფინანსების გარდა, EBRD უზრუნველყოფს ტექნიკური თანამშრომლობის სერვისებს, რომლებიც „თეგეტა აკადემიაში“ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სპეციალიზებული სასწავლო პროგრამების განვითარებასა და კორპორაციული მმართველობის პრაქტიკების დანერგვას მოიცავს.

„ევროპის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ჩვენ გეზ-ის პროექტს ვავითარებთ, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში უნიკალური პროექტი, ასეთი კლასის სერვის-ცენტრი განსაკუთრებით მძიმე ტექნიკისთვის რეალურად არ არსებობს. ჩვენი პარტნიორი MAN-ის მიერ A+ კლასის მინიჭება მოხდა მისთვის იმ პირობებში, რომ ადრე A-ზე მაღალი არ ჰქონდა. ჩვენი გადასახედიდან, ეს ძალიან სტრატეგიული გადაწყვეტილებაა. ქვეყნისთვის და შუა დერეფნის განვითარებისთვის აქ, ადგილზე ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც საავტომობილო ნაკადების მნიშვნელოვან ზრდას შეუწყობს ხელს, ძალიან მნიშვნელოვანია. გაფორმების ეკონომიკური ზონა ჩვენი მომხმარებლისთვის და ასევე სატრანზიტო ნაკადისთვის სრულფასოვანი, უნიკალური საშუალებებით მომსახურების მიწოდების შესაძლებლობას მოგვცემს“, - აღნიშნა ნიკოლოზ ხიდურელმა კომპანიის ამ კონკრეტული პროექტის განვითარებაზე საუბრისას.

Tegeta Holding-ის მთავარი ფინანსური ოფიცერი EBRD-ის სესხის ფარგლებში მეორე პროექტზეც ამახვილებს ყურადღებას და კომპანიაში პროფესიონალი კადრებით უზრუნველყოფის კუთხით „თეგეტა აკადემიის“ როლზე საუბრობს.

„თეგეტა აკადემია“ ჩვენთვის ყოველთვის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტი იყო. განსაკუთრებით ბოლო წლებში პროფესიული კადრების გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია, რისიც ბაზარზე საკმაოდ დიდი დეფიციტია. ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ ჩვენი ტოპ და შუა რგოლის მენეჯმენტის ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი აკადემიის კურსდამთავრებულია. „თეგეტას თავისივე კადრების განვითარების ძალიან დიდი ისტორია აქვს და აკადემია ამ კუთხით ძალიან გვეხმარება. ასე ვიტყოდი, რომ ბოლო 30 წლის წარმატების ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი შემოქმედი სწორედ „თეგეტა აკადემია“ იყო“, - ამბობს ნიკოლოზ ხიდურელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები