შუა დერეფანი საქართველოსთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, თუმცა ქვეყანა მხოლოდ ტვირთის გამტარ ტერიტორიად არ უნდა დარჩეს - ამის შესახებ თბილისში გამართულ შავი ზღვის საერთაშორისო კონფერენციაზე BMG-სთან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, ტომას კაირისმა განაცხადა.
მისი შეფასებით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ინფრასტრუქტურას უკვე გლობალურ ჭრილში უყურებენ, რაც მთელი სამხრეთ კავკასიისა და ევროპელი პარტნიორების კოორდინაციას მოითხოვს.
"შუა დერეფანი საქართველოსთვის საოცარი შესაძლებლობაა. ეს არ არის მხოლოდ გეოგრაფია და უბრალოდ ტვირთის გადაზიდვა - ეს არის ერთიანი ეკოსისტემა. EBRD-ში ინფრასტრუქტურას ფართო პერსპექტივიდან ვუყურებთ: წარსულში ვაფინანსებდით პორტებს, რკინიგზას, გზებს; დღეს კი მთელი კავკასიის რეგიონის ჭრილში ვმოქმედებთ - ვმუშაობთ სომხეთთან, საქართველოსთან, აზერბაიჯანთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან.
საქართველოსთან მიმართებით ჩვენი ერთ-ერთი ბოლოდროინდელი პროექტი სწორედ "საქართველოს რკინიგზის" ოპერაციების გაციფრულებასა და მისი კონკურენტუნარიანობის გაზრდას უკავშირდება", - განაცხადა ტომას კაირისმა.
კითხვაზე, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველომ დერეფნიდან დამატებითი ეკონომიკური ღირებულება მიიღოს, EBRD-ის რეგიონული დირექტორი განმარტავს, რომ მთავარი აქცენტი თანმხლები სერვისების განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე უნდა გაკეთდეს.
"შუა დერეფანი არ არის მხოლოდ მარშრუტი - ეს არის შესაძლებლობა, შეიქმნას სრული ეკოსისტემა: ციფრული სერვისებით, საკონსულტაციო და კომერციული მხარდაჭერით და გრძელვადიან რესურსებში ინვესტირებით. საქმე მხოლოდ იმაში არაა, რომ იპოვო კარგი ტრანსპორტი ტვირთის ერთი წერტილიდან მეორეში გადასატანად - მთავარია სერვისების დაკავშირება.
ამას სჭირდება თანამშრომლობა მთავრობასთან, მარეგულირებლებთან და საფინანსო ინსტიტუტებთან. და რაც მთავარია, ეს არის სტანდარტები: თუ აკეთებთ რამეს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით, რაც მისაღებია მთელი რეგიონისთვის, თქვენი კონკურენტუნარიანობა იზრდება. თუკი იფიქრებთ მხოლოდ იმაზე, რომ პროცესი მხოლოდ თქვენს საზღვრებში მოექცეს, საქმე გართულდება", - აღნიშნა კაირისმა.
ტომას კაირისის შეფასებით, საქართველოში კერძო სექტორი განსაკუთრებული დინამიკურობითა და გლობალურ ცვლილებებთან ადაპტაციის უნარით გამოირჩევა. EBRD აქტიურად მუშაობს როგორც მსხვილ კომპანიებთან, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესთან - პარტნიორი ბანკების გავლით.
"როდესაც მეკითხებით, რა გამოარჩევს ქართულ ბიზნესს - ეს არის ადაპტაციის უნარი და შესაძლებლობების დანახვა. ჩვენი მიზანია, ისინი უფრო ეფექტიანები გავხადოთ. ვმუშაობთ დიგიტალიზაციის, ენერგოეფექტურობის, კონკურენტუნარიანობისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით. ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ დაფინანსება, არამედ ტექნიკური თანამშრომლობის კომპონენტიც - ვეხმარებით კომპანიებს გაზრდასა და ეფექტიანობის გაუმჯობესებაში. საქმე მხოლოდ ფულში არაა.
ქართული კერძო სექტორი ადაპტირდება. ახლა რთული დროა და ამიტომაც ვსაუბრობთ შესაძლებლობებზე. ზოგჯერ ამბობენ, რომ შანსი არსებობს, მაგრამ მთავარია, მზად იყო ამ შესაძლებლობის ასათვისებლად. გარკვეული ნაბიჯები მთავრობამ უნდა გადადგას, ნაწილი - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა, მაგრამ ბევრი რამ თავად კერძო სექტორზეა დამოკიდებული: ისინი მზად უნდა იყვნენ ამ შესაძლებლობების გამოსაყენებლად", - განაცხადა ტომას კაირისმა.
























