შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის კაბელის პროექტს სამხრეთ კავკასიის ტრანსფორმაცია და რეგიონის ევროპასთან პირდაპირ დაკავშირება შეუძლია, - ამის შესახებ BMG-სთან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, ტომას კაირისმა განაცხადა.
მისი თქმით, შუა დერეფანი მხოლოდ ტვირთების გადაზიდვას არ გულისხმობს და მისი განუყოფელი ნაწილია ენერგეტიკული დაკავშირებადობა, რის გამოც EBRD პროექტის განვითარებას ყურადღებით აკვირდება.
"[შავი ზღვის კაბელების პროექტი] არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ შუა დერეფანი მხოლოდ საქონლის გადაადგილება არ არის - ეს არის მთელი რეგიონის დაკავშირება. EBRD ამ პროცესს ძალიან ყურადღებით აკვირდება. პროექტი ვითარდება და ამჟამად ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების (Feasibility Study) ეტაპზეა.
ჩვენი პერსპექტივიდან, ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომ კაბელი გამოყენებულ იქნას როგორც რეგიონული ენერგეტიკული დერეფანი, რომელსაც პოტენციურად სამხრეთ კავკასიის გარდაქმნა და მისი ევროპასთან მიერთება შეუძლია",- აღნიშნა ტომას კაირისმა.
როგორც კაირისი განმარტავს, პროექტის მიმართ ინტერესი უპრეცედენტოდ დიდია როგორც თავად რეგიონის ქვეყნებიდან, ასევე უშუალოდ ევროკავშირის მხრიდან. EBRD-ის რეგიონული ხელმძღვანელი ხაზს უსვამს, რომ კვლევის დასრულების შემდეგ, ბანკი პროექტის მხარდაჭერის გზებს აქტიურად განიხილავს, სადაც გადამწყვეტი სიტყვა კერძო სექტორზე იქნება.
"ეს პროექტი ფართო რეგიონული დაკავშირებადობის დღის წესრიგის ნაწილია, სწორედ ამიტომ ინტერესი უდიდესია - როგორც თავად საქართველოსა და მონაწილე ქვეყნების, ისე ევროპის მხრიდან. EBRD მოწადინებულია, ხელი შეუწყოს დაკავშირებადობას, ამიტომ, როდესაც ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულდება და პროექტი გამოცხადდება, ჩვენ შევისწავლით მისი მხარდაჭერის გზებს.
როგორ შეიძლება მისი მხარდაჭერა? ცხადია, კერძო სექტორის ჩართულობა გადამწყვეტი იქნება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია: პროექტს უნდა შევხედოთ როგორც ინფრასტრუქტურას, მაგრამ პარალელურად უნდა უზრუნველვყოთ მისი ფინანსური მდგრადობა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შავი ზღვის კაბელი საქართველოსთვის ნამდვილად იქცევა კომერციულად გამართლებულ პროექტად",- აცხადებს EBRD-ის რეგიონული დირექტორი.
























