მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველო შუა დერეფანში განსაკუთრებულად ხელსაყრელ პოზიციაზეა" - BSEC

Dimitrios Rallis

შუა დერეფანი არ არის მოკლევადიანი ინიციატივა. ეს არის სტრატეგიული, გრძელვადიანი პროექტი, სადაც სამხრეთ კავკასიასა და უშუალოდ საქართველოს საკვანძო ადგილი უკავიათ. რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებასა და საქართველოს როლზე BMG-სთან შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალური მდივნის მოადგილემ დიმიტრიოს რალისმა ისაუბრა.

"დაკავშირებადობა მხოლოდ ინფრასტრუქტურის მშენებლობა არ არის - ეს არის ეკონომიკური აქტივობის შექმნა იმ დერეფნების გასწვრივ, რომლებიც აღმოსავლეთ-დასავლეთსა და ჩრდილოეთ-სამხრეთს აკავშირებს. ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ე.წ. შუა დერეფანია, რომელიც ცენტრალურ აზიას ევროპულ ბაზრებთან აკავშირებს.

ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ალტერნატიული მარშრუტი, თანაც არა მხოლოდ მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს როგორც ალტერნატიული გზის შექმნას, ისე მთელი ამ მარშრუტის გასწვრივ ეკონომიკური საქმიანობის სტიმულირებას. საქართველო ამ პროცესში განსაკუთრებულად ხელსაყრელ პოზიციაზეა. სამხრეთ კავკასია ამ სატრანზიტო მარშრუტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და მიგვაჩნია, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ კავშირის შემდგომი განვითარებისთვის", - განაცხადა დიმიტრიოს რალისმა.

კითხვაზე, რამდენად მიმზიდველია არსებული სატრანზიტო ტარიფები ტვირთმფლობელებისთვის, BSEC-ის გენერალური მდივნის მოადგილე განმარტავს, რომ ფასს საბოლოოდ ბაზარი დაადგენს, თუმცა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მთავარი ამოცანა სასაზღვრო ბარიერების მაქსიმალური შემცირებაა.

"ამას ბაზარი განსჯის, თუმცა ჩვენი მოვალეობაა, მარშრუტი კონკურენტუნარიანი და მიმზიდველი გავხადოთ. ეს მხოლოდ ტარიფების საკითხი არ არის - აუცილებელია დაბრკოლებების მოხსნა, პროცესების გამარტივება და არსებული ადმინისტრაციული ტვირთის მოხსნა.

მაგალითად, შეფერხებები და ე.წ. ვიწრო ყელები სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე დიდ ეკონომიკურ ტვირთად აწვება ტრანსპორტს, ლოგისტიკას და, საბოლოო ჯამში, თავად მომხმარებელს. შესაბამისად, ჩართული ქვეყნებისა და BSEC-ის მსგავსი რეგიონული ორგანიზაციების ვალია, განტვირთონ ეს შეფერხებები, აღმოფხვრან ბარიერები და მარშრუტი მომხმარებლისთვის უფრო მიმზიდველი გახადონ", - აღნიშნა რალისმა.

მისივე თქმით, ინვესტიციების მოზიდვა და დერეფნის განვითარება ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია, რისთვისაც პროცესში ყველა რეგიონული მოთამაშის ჩართულობაა აუცილებელი.

"ეს "ქათმისა და კვერცხის" პრინციპია - ერთი ეხმარება მეორეს: თავად პროექტის მიმზიდველობის გაზრდით, ის თავისთავად მოიზიდავს მეტ გრძელვადიან ინვესტიციასა და ინტერესს. დღეს ყველა საუბრობს ალტერნატიული მარშრუტების შექმნისა და რეგიონული დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა დავნერგოთ ინკლუზიური მიდგომა და მასში ყველა დაინტერესებული მხარე ჩავრთოთ. რაც უფრო მეტი იქნება ჩართულობა და პროგრესი, მით უფრო გაიზრდება ბიზნესის ინტერესი", - განაცხადა BSEC-ს გენერალური მდივნის მოადგილემ.

ცნობისთვის, ამ წუთებში მიმდინარეობს შავი ზღვის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია Bridging Markets, Connectivity, and Sustainable Growth. ღონისძიებაში, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს (EUGBC) შავი ზღვის პლატფორმის (BSP) ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ტარდება, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (EBRD, IFC), დიპლომატიური კორპუსის, ლოგისტიკური სექტორისა და რეგიონის წამყვანი პორტების 50-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები