შევიტყვე სამწუხარო ამბავი, რომ მშობლიურ რაჭაში, სადაც ჩემი დანიელი მეგობრების ფონდი ბევრ საინტერესო პროექტს ახორციელებდა - "რუსული კანონის" მიღების გამო, ერთი პროექტი შეჩერდა. აღნიშნულ განცხადებას "ლელო - საქართველოსთვის" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე Fair Trees Fund-თან დაკავშირებით აკეთებს, რომელმაც რაჭაში პროექტი შეაჩერა და რომელშიც ის, გუშინ მედიით გავრცელებული ინფორმაციით ბორდის წევრი იყო.
ჯაფარიძე აცხადებს, რომ ფონდს წლების წინ ხელმძღვანელობდა, თუმცა პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ფონდთან საქმიანი ურთიერთობა შეწყვიტა.
"აღნიშნულ ფონდს წლების წინ ვხელმძღვანელობდი და მახსოვს ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც რეგიონის ხელშეწყობისთვის განხორციელდა. სამწუხაროდ, პოლიტიკაში წასვლამ იძულებული გამხადა დამესრულებინა ფონდთან საქმიანი ურთიერთობა.
ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის აშენება და უფასო მომსახურება არ არის უცხოური ძალის ინტერესების გატარება! "ქართული ოცნების" მიერ მიღებული კანონის მიხედვით კი დღეს, აღნიშნული ფონდი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ითვლება.
ეს არის რუსული კანონის შედეგი, რითიც ზიანდებიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები.
მინდა დარწმუნებით გითხრათ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებით, აუცილებლად შეიცვლება ეს რუსული რეჟიმი და ეს კანონი. აუცილებლად გაგრძელდება დაფინანსება და განვითარება ყველა იმპროექტის, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობას ემსახურება", - აცხადებს ჯაფარიძე.