არასამთავრობო ორგანიზაცია "ფონდი ფეა თრიიზ" ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან, ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით, თანამშრომლობას წყვეტს - ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია თავად ავრცელებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიზეზი პარლამენტის მიერ რუსული კანონის საბოლოო მიღებაა.
Fair Trees Fund-ის განცხადებას BM.GE უცვლელად გთავაზობთ.
"28 მაისს, საქართველოს ხელისუფლების მიერ კანონზე „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ მიღებული გადაწყვეტილება უკვე უარყოფითად აისახა ჩვენი ფონდის მუშაობაზე. სამწუხაროდ, იძულებული ვართ შევწყვიტოთ 2023 წელს დაწყებული თანამშრომლობა ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან ონში ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით. პროექტზე მუშაობის დაწყება შესაძლებელი გახდა ონის მოსახლეობის დიდი თხოვნის და აქტიური ჩართულობის შედეგად. ვ
გრძნობთ რა ანგარიშვალდებულებას ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ, გიზიარებთ ონის მერიისთვის გადაგზავნილ წერილს, რომელშიც ახსნილია გადაწყვეტილების მიღების მიზეზები. ვიმედოვნებთ, ქვეყანაში მალე დაბრუნდება არასამთავრობო სექტორის მიმართ კეთილგანწყობილი საკანონმდებლო ბაზა და შესაძლებლობა მოგვეცემა განვაგრძოთ საზოგადოებისთვის სიკეთის მომტანი პროექტების განხორციელება", - წერს ორგანიზაცია და ფოტოს ავრცელებს.
ორგანიზაცია განმარტავს, რომ ინფორმაცია ეხება ქ. ონში დაგეგმილ ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნას და არა ქ. ამბროლაურში არსებულ, უკვე ფუნქციონირებად კლინიკას.