მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აღნიშნულ ტერიტორიაზე არანაირი სამუშაო არ გვიწარმოებია" - "ანაგი" "ოცნების ქალაქში" მომხდარ ტრაგედიაზე

ანაგი

სამშენებლო კომპანია "ანაგი" ბათუმში, "ოცნების ქალაქში" მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, შემთხვევის ადგილი სამშენებლო მოედნის ფარგლებს მიღმაა და კომპანიას აღნიშნულ ტერიტორიაზე არანაირი სამუშაო არ უწარმოებია.

"ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.იმის გათვალისწინებით, რომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აღნიშნული უბედური შემთხვევა მოხდა სამშენებლო მოედანზე, გვსურს გავაკეთოთ განმარტება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს სამშენებლო მოედნის ფარგლებს გარეთ და კომპანიას აღნიშნულ ტერიტორიაზე არანაირი სამუშაო არ უწარმოებია", - წერია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის მტკიცებითაც, შემთხვევის ადგილი არ არის სამშენებლო ტერიტორია.

ცნობისთვის, "ოცნების ქალაქის" პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოები 109 616 000 ლარად კომპანია "ანაგმა" უნდა შეასრულოს. ამასთან დაკავშირებით, ერთი კვირის წინ, 8 თებერვალს ბათუმში სიმბოლური კაფსულის ჩადების ღონისძიებაც გაიმართა, რომელსაც ირაკლი კობახიძე ესწრებოდა. როგორც მან თქვა, აშენდება 9 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომელშიც 1077 ოჯახი მიიღებს ბინას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები