აგრარულ საკითხთა კომიტეტმა, პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, თელავში სხდომა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას აგრარულ საკითხთა კომიტეტი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სხდომა ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობისა და 2024 წლის რთვლის მიმდინარეობას შეეხებოდა.
კომიტეტის სხდომაზე, რომელიც რთვლის საკოორდინაციო შტაბის საკონფერენციო დარბაზში შედგა, ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ანგარიში, ამავე სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ წარადგინა და ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციის, ექსპორტის ზრდის, პოპულარიზაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, შარშან განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
მეხუზლას ცნობით, 2023 წელს ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, მსოფლიოს 15 ქვეყანაში, ჯამში 14 გამოფენაზე, 20 ფესტივალსა და 100 პროფესიულ დეგუსტაციაზე იყო წარდგენილი. ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები გაიმართა საქართველოშიც, რაც ტურიზმის განვითარებას და ღვინის სამომხმარებლო კულტურის ზრდას უწყობს ხელს.
„ქართული ღვინის მარკეტინგული სტრატეგიის მიზანია, უნიკალური ქართული ღვინის დამკვიდრება გლობალურ ღვინის ბაზარზე. ექსპორტის ზრდის ბოლო 10 წლის ტენდენცია 2023 წელსაც შენარჩუნდა. სტაბილურად მზარდი ღვინის ექსპორტი ქვეყნის სავაჭრო ბალანსზე დადებითად აისახება და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე. ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 14 მილიონ ლარს შეადგენდა“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.
მისივე თქმით, ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები, საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით, ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებენ.
კომიტეტის წევრებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია 2024 წლის რთვლის მიმდინარეობის შესახებ. როგორც სხდომაზე აღინიშნა, მიმდინარე წელს რთველი 13 აგვისტოს დაიწყო და ყურძნის მიღებაზე რეგისტრაცია 530 კომპანიამ გაიარა.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გელა სამხარაულმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს თელავში ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფისის მშენებლობა იწყება და თუ მეღვინეები და მევენახეები სერვისებს აქამდე მხოლოდ თბილისის ოფისში იღებდნენ, უახლოეს პერიოდში მათ საშუალება მიეცემათ სერვისები უკვე ადგილზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თელავის ოფისშიც მიიღონ.