ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა მიიჩნევს, რომ ალკოჰოლიანი სასმელის ხარისხის კონტროლის ფუნქციის სეს-იდან ღვინის სააგენტოსთვის გადაცემა მომხმარებელთა ინტერესების დაცვას გააუმჯობესებს. ამის შესახებ მან დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შეფასებისას განაცხადა.
საქმე ისაა, რომ სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება ფართოვდება: 2027 წლის 1 ივნისიდან ადგილობრივ ბაზარზე ალკოჰოლიანი სასმელის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად ღვინის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს. ამას „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.
„ხარისხის კონტროლის სრული ციკლის ერთი უწყების მიერ განხორციელება ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ალკოჰოლური სასმელის ხარისხის ეფექტიან კონტროლს უზრუნველყოფს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომხმარებელთა ინტერესების დაცვას. ღვინის მოხმარების კლებასთან დაკავშირებული გლობალური გამოწვევების ფონზე მთავარ პრიორიტეტად რჩება ღვინის ხარისხზე ზრუნვა. ხარისხის კონტროლი იწყება ვენახის გაშენებიდან და გრძელდება წარმოებითა და პროდუქტის ბაზარზე განთავსებით, რაც მომავალი წლიდან ერთი უწყების ქვეშ მოექცევა“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.
























