მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგრარულ სექტორში მექანიზაციის დეფიციტია - ფერმერები მეორადი ტექნიკის დაფინანსებას ითხოვენ

რუსეთი / ხორბალი

სოფლის მეურნეობის სექტორში მოსავლის ასაღები ტექნიკის დეფიციტია. სოფლის განვითარების სააგენტო ამ მიმართულებით თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში წლიდან წლამდე სოლიდურ თანხას ხარჯავს, თუმცა პროგრამის ძირითადი ბენეფიციარები შედარებით მსხვილი კომპანიები არიან, მცირე და საშუალო ფერმერებისთვის კი აგროვადების დაცვით მოსავლის აღება ტექნიკის დეფიციტის გამო ყოველ წელს პრობლემაა.

ფერმერები ამბობენ, რომ სახელმწიფო მხოლოდ ახალი ტექნიკის შეძენის შემთხვევაში გასცემს თანადაფინანსებას, თუმცა ახალი აგრეგატი მაინც ძალიან ძვირია და ზოგიერთის ღირებულება 2 მილიონსაც კი აღწევს, ამიტომ მათი სურვილი და მოთხოვნაა სახელმწიფო თანადაფინანსება მეორად ტექნიკაზეც გავრცელდეს.

“ჩვენ რაც მოვითხოვეთ, ეს იყო სილოსამღები კომბაინი, რომელიც მეცხოველეობის მიმართულებით არის საჭირო. საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და ზოგ შემთხვევაში მისი ღირებულება 2 მილიონ ლარამდეც ადის. ვფიქრობ, როდესაც ასეთ ძვირ ტექნიკასთან გვაქვს საქმე, მეორადი ტექნიკის შეძენაც უნდა იყოს ხელშეწყობილი. რამდენიმე ათეული სილოსამღები კომბაინია საჭირო და ერთი ათეულიც არ გვაქვს ქვეყანაში, რაც იწვევს, რა თქმა უნდა, დეფიციტს. ვერ ასწრებს ფერმერი აგროვადებში მოსავლის აღებას. არის შემთხვევები, როცა მთლიანად რჩება მოსავალი ნიადაგში, რადგან სხვა გზა არ რჩება ფერმერს.

მეტი მხარდაჭერა რომ აუცილებელია, ეს ფაქტია. გლობალურადაც იცვლება მიდგომა და რაც შეიძლება მოკლე ვადებში გვიწევს მუშაობა. მაგალითისთვის, თუ რამდენიმე წლის წინ და ზოგადად ისტორიულად შეიძლებოდა ხორბლის აღება ერთი თვის მანძილზე, ფაქტობრივად მივემსგავსეთ ევროპის იმ ქვეყნებს, რომელშიც მხოლოდ 10-დან 15 დღემდეა მხოლოდ დრო მოსავლის ასაღებად და ამ პერიოდში ახერხებენ ისინი დიდი რაოდენობის ტექნიკის მობილიზებას, რათა მოსავალი სწრაფად დააბინავონ.

ალაზანზე განსაკუთრებით ირიგაციის, დრენაჟის პრობლემაა და ძალიან მოკლე პერიოდში თუ არ მოხდა ფართობების აღება, რჩება ხოლმე მთლიანად და ნადგურდება. ასეთი შემთხვევებიც გვქონდა. ამ ბოლო პერიოდმა და ბოლო წლებმა დაგვანახა, რომ მეტი ტექნიკაა ქვეყანაში საჭირო”,-აცხადებს მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ბენიაიძე.

ფერმერისთვის მოსავლის ასაღები ტექნიკის პრობლემა აქტუალურია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 6 წელიწადში სოფლის განვითარების სააგენტომ თანადფინანსების პროგრამის ფარგლებში 42 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. სააგენტოს მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2019-2025 წლებში პროგრამით 588 ბენეფიციარმა ისარგებლა, მათგან ყველაზე მეტი იურიდიული პირია, რომელთაც სახელმწიფოსგან თანადაფინანსების ჯამური ბიუჯეტის თითქმის ნახევარი მიიღეს. პროგრამა წელსაც უცვლელად გრძელდება, რისთვისაც ბიუჯეტში 5,8 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

სოფლის განვითარების სააგენტოში გვიდასტურებენ, რომ პროგრამა აგროთანადაფინანსების ახალი მოდელის პირობებშიც უცვლელად გრძელდება და სააგენტო ერთ ბენეფიციარს მოსავლის ასაღებად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 30%-ს, არაუმეტეს 150, 000 ლარით დაუფინანსებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები