სოფლის მეურნეობის სექტორი დიზელზე აქციზის გადასახადის შემცირებას ითხოვს. აგრარულ სფეროში აცხადებენ, რომ საწვავის კატასტროფული გაძვირება პირდაპირ დარტყმას აყენებს ადგილობრივ წარმოებას, ზრდის პროდუქციის თვითღირებულებას და ქართველ ფერმერებს მეზობელი ქვეყნების პროდუქციასთან არაკონკურენტულ გარემოში აყენებს.
ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარის, ვახტანგ ბეჟიტაშვილის განცხადებით, არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, პროდუქციაზე ფასების ზრდა გარდაუვალია.
„თვითღირებულებაში საწვავის ხარჯი პროდუქციის მიხედვით განსხვავდება. მინიმუმ 20%-იდან დაახლოებით 50%-მდეა ენერგომატარებლებზე დანახარჯი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიზელის ფასების გაძვირება, გამომდინარე იქიდან, რომ ძირითადი სამრეწველო პროდუქტი როგორც ხვნა-თესვის პერიოდში, ასევე მისი შემდგომში დაბინავება, გადატანა თუ საბოლოო რეალიზაცია, დამოკიდებულია დიზელზე.
ამის გამოსავალია საერთაშორისო გამოცდილება, სადაც ადგილობრივ წარმოებაზე მზრუნველმა მთავრობებმა გადადგას სხვადასხვა ნაბიჯები, მაგ. მცურავი აქციზის განაკვეთი. ეს უკვე წარმოებას ნაკლებად დააწვება, პროდუქციის თვითღირებულებასაც ნაკლებად გაზრდის და მათ შორის კონკურენციაც უკვე შესაძლებელი იქნება იმპორტულ პროდუქციასთან.“ - განმარტავს ბეჟიტაშვილი.
როგორც მან „საქმიანი დილის“ ეთერში აღნიშნა, სექტორის წარმომადგენლები გასულ კვირას უკვე შეხვდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს. მხარეები სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელიც საწვავის აქციზის გარდა, ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებასა და საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესებაზე იმუშავებს.
























