მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგრობიზნესს მოსაკრებელი გაუძვირდა - აისახება თუ არა ეს ხორცის ფასზე?

602d2d49ead13
ინგა მურუსიძე
18.02.21 10:10
1109
თებერვლიდან აგრობიზნესს ახალი ფინანსური ხარჯი აქვს. არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ დამფუძნებლის რუსუდან გიგაშვილის თქმით, საუბარია პირუტყვის ჯანმრთელობის შესახებ დოკუმენტაციის, ე.წ ფორმა 2-ის მოსაკრებლის 40-45%-იან მატებაზე, რაც აგრობიზნესს მძიმე ტვირთად დააწვა. ეს კი სასურსათო პროდუქტებზეც აისახება.


„თებერვლიდან ფორმა 2-ის(ვეტერინარის დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომი დათვალიერების შედეგად გაცემულ დოკუმენტაცია, პირუტყვის ჯანმრთელობის შესახებ) მოსაკრებელი 40-45%-ით გაიზარდა, თუ სწორად მახსოვს საუბარია 2 ლარიან მატებაზე, საქონლის შემთხვევაში 5-დან 7 ლარამდე, ხოლო ღორის შემთხვევაში 3-დან 5 ლარამდე. გარდა ამისა, მეწარმეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მექანიზატორმა გაზარდა მომსახურეობის საფასური სხვადასხვა სერვისებზე. მექანიზატორი არის წამგებიანი სახელმწიფო კომპანია, რომელსაც აქვს რამდენიმე მილიონიანი ვალი სახელმწიფოსი და ახლა რატომ გადაწყვიტეს ტარიფების გაზრდა პანდემიის ფონზე, გაუგებარია“, - უთხრა bm.ge-ს გიგაშვილმა.

მისივე თქმით, პრობლემაა ასევე ელექტროენერგიის და გაზის ტარიფების გაზრდა, რომელიც რეგიონების მიხედვით შეეხოთ მწარმოებლებს და ჯამში ესეც მძიმე ტვირთად აწვებათ მათ.

„ხომ არ ჯობია, რომ გარკვეული სოციალური და სუბსიდირების პროგრამების ამოქმედების ნაცვლად, რომ ამოქმედდეს გარკვეული მორატორიუმი გაძვირებული მოსაკრებლების კუთხით? ბიზნესისთვის ეს გაცილებით უკეთესი დახმარება იქნებოდა“, - აღნიშნავს გიგაშვილი.

მისი თქმით, პოზიცია ჯერ მხოლოდ მისია, თუმცა წუხილი ბიზნესიდან მოდის და შესაძლოა, ამან მიმართვის სახეც მიიღოს.

კითხვაზე, რამდენა აისახება ხორცის ფასზე მოსაკრებლების ფასების ზრდა, გიგაშვილი პასუხობს: „რა თქმა უნდა აისახება, რადგან ეს ყველაფერი აისახება პროდუქტის თვითღირებულებაში“.

bm.ge ფორმა 2-ის ტარიფების ზრდის გადაწყვეტილების მიზეზის შესახებ უკვე ესაუბრა სურსათის ეროვნულ სააგენტოს და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები