კომპანია "აგროჰაბი" წელს 40 მილიონი ლარის ინვესტიციით სამ ახალ სუპერმარკეტს გახსნის. აქედან ერთ-ერთია, ზვიად გამსახურდიას სანაპიროს 80 ნომერში მდებარე ფილიალი, რომელიც 25 მილიონი ლარის ინვესტიციით აშენდება და მომხმარებელს უკვე მარტიდან მოემსახურება.
მეორე ფილიალი შემოდგომაზე საბურთალოზე, ჭილაძის ქუჩაზე გაიხსნება, ხოლო მესამე წლის ბოლომდე - ქუთაისში.
"თითოეული ეს ფილიალი სულ მცირე რამდენიმე მილიონ ინვესტიციას და 300-მდე დასაქმებულს ნიშნავს. 300-მდე დასაქმებული კი ის სამასი ოჯახია, სადაც დამატებითი შემოსავალი შედის. ახალი ფილიალებიც იგივე კონცეფციის მატარებელი იქნება, რაც უკვე არსებულ ფილიალებს აქვთ, თუმცა, დიზაინისა თუ სხვა მიმართულებით ცხადია სიახლეები აუცილებლად გვექნება", - ამბობს "აგროჰაბის" გენერალური დირექტორი ლაშა გოცირიძე.
როგორც კომპანიის დირექტორი, ლაშა გოცირიძე განმარტავს, "აგროჰაბის" ახალი ფილიალები 2023 წელს გახსნილ ცენტრალიზებულ საწარმოში დამზადებული ნატურალური პროდუქციით მომარაგდება. მისივე თქმით, 3000 კვ.მ ფართობზე განთავსებულ საწარმოს სრულად აქვს იმის რესურსი, რომ უკვე არსებულთან ერთად, ახალ ფილიალებსაც მოემსახუროს.
"ჩვენი წარმოების გარეშე "აგროჰაბი" ვერ იქნება "აგროჰაბი". ჩვენ ვაწარმოებთ როგორც რძის, ასევე ხორცპროდუქტებს, ხილ-ბოსტნეულს, გვაქვს ასევე ქათმის და კვერცხის ფერმა. კვების მრეწველობაში ფაქტობრივად ყველა მიმართულებას მოვიცავთ", - აღნიშნავს ლაშა გოცირიძე.
კომპანიის დირექტორის განმარტებით, "აგროჰაბის" მიერ დაგეგმილი 2024 წლის გეგმები უპირველესად 2023 წელს მიღებული შედეგებიდან მომდინარეობს. ლაშა გოცირიძის თქმით, გასულ წელი კომპანიამ როგორც პროდუქციის წარმოების, ისე რეალიზაციის მაჩვენებელი ორნიშნა პროცენტული პუნქტით გაზარდა. მისივე განმარტებით, ეს მაჩვენებლები კომპანიას შესაძლებლობას აძლევს, ახალი ფილიალების გახსნის გარდა მომხმარებლებს სხვა არაერთი საინტერესო სიახლეც შესთავაზოს.
ცნობისთვის: "აგროჰაბი" ამჟამად თბილისსა და ბათუმში ჯამურად 4 ფილიალს ფლობს და 1800 ადამიანს ასაქმებს. წელს დაგეგმილი სამი ახალი ფილიალის გახსნის შემდეგ კი, კომპანიის მიერ დასაქმებულთა რაოდენობა დამატებით 900-ით გაიზრდება.