მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აგროჰაბის" და "მზიურის" დამფუძნებლის თქმით, სურსათზე ფასების შემცირება შესაძლებელია

აკაკი ახვლედიანი

"ფასების კომისიასთან" სადისტრიბუციო კომპანიების შეხვედრის შემდეგ შპს მზიურის და შპს აგროჰაბის დამფუძნებელმა აკაკი ახვლედიანმა მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საუბარი იყო მაღალი ფასნამატების მიზეზებზე.

"ითქვა რომ ფასნამატები არის მაღალი, ამას გარკვეული მიზეზები აქვს და ამ მიზეზებზე იყო საუბარი. არსებობს თუ არა ფასების შემცირების რესურსი? - ეს არ არის მარტო ერთი მხარის… (თუმცა, ამ შემთხვევაში, ორივე მხარეს წარმოვადგენ), ეს არის პრობლემა, რომელიც უნდა დარეგულირდეს კანონმდებლობით", - აღნიშნა მან.

კითხვაზე შესაძლებელია თუ არა ფასების შემცირება? - აკაკი ახვლედიანი პასუხობს, რომ “შესაძლებელია”.

ამასთან, BMG-ის კითხვაზე, ნამდვილად 44%-იანი ფასნამატი აქვთ თუ არა დისტრიბუტორებს, როგორც ეს ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, "აგროჰაბის" დამფუძნებლის თქმით, "ფასნამატს გააჩნია, რას გულისხმობთ. ფასნამატი და ფასწარმოქმნა ბიზნესისთვის სხვადასხვანაირადაა. იქ არის ლოგისტიკური და სხვა ხარჯები".

ამასთან, აკაკი ახვლედიანმა სუს-ის კომპანიებში შესვლაზეც მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ისედაც ყველაფერი გამჭვირვალეა.

"თუმცა, ამას დიდი პრობლემა არ შეუქმნია. მასალა რაც გვთხოვეს, ძალიან დიდია და გარკვეული ვადები მოვითხოვეთ ჩვენც".

გარდა ამისა, BMG-ის კითხვაზე ბიზნესის თავისუფლებას საფრთხე ექმნება თუ არა? - ახვლედიანმა აღნიშნა, რომ "პირიქით. პრემიერმა განაცხადა, რომ დაცული იქნება ყველას უფლება. არ არის მარტო დისტრიბუცია და რითეილი. ეს არის მთელი ჯაჭვი".

ცნობისთვის, "ფასების კომისიას" დღეს დისტრიბუტორები შეხვდნენ. ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით შეხვედრა ორი დღის წინ შედგა სუპერმარკეტების ქსელებთან, ორშაბათს კი დაგეგმილია შეხვედრა მწარმოებლებთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები