მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აგროჰაბის" წარმოების სულგუნი დახლზე 25%-ით უფრო იაფია - სად ხედავს კომპანია სურსათის გაიაფების რესურსს?

აგროჰაბი

მაღაზიათა ქსელ "აგროჰაბის" დირექტორი გიორგი ჯაშიაშვილი მიიჩნევს, რომ სუპერმარკეტებში სურსათზე ფასების გაიაფების საფუძველი საკუთარი წარმოების ამოქმედებაა. როგორც მან ფასების საპარლამენტო კომისიის სხდომაზე სულგუნის მაგალითზე აღნიშნა, "აგროჰაბის" წარმოებისა და მომწოდებლის პროდუქტების ფასს შორის სხვაობა დახლზე თითქმის 25%-ია.

"რომ არ გვქონდეს ჩვენ ჩვენი რძის გადამმუშავებელი ქარხანა და წარმოება, გვიწევდეს მაგალითად სულგუნის შეძენა - სულგუნის დასამზადებლად საჭიროა 9-9.5 ლიტრი რძე, 1 ლიტრი ნედლი რძის ღირებულება არის 2-2.5 ლარი, შესაბამისად, 18 ლარი უკვე არის ნედლეულის ღირებულება სულგუნში, ამას მწარმოებელმა უნდა დაამატოს ხელფასების, კომუნალურების ხარჯები, მინიმუმ 20%, გამოდის, რომ მას სულგუნი 21.6 ლარი უჯდება. მერე დისტრიბუცია რომ გააკეთოს, ქსელში გაიტანოს, ადმინისტრაციის ხარჯი გადაანაწილოს და მოგებაც ჰქონდეს, 20% აქაც უნდა დაამატოს. გამოდის, რომ 26 ლარი უკვე არის შესყიდვის ფასი. მეც რომ შევისყიდო, საშუალოდ 20% რომ დავამატო, 31 ლარი გამოდის ღირებულება. ეს ნიშნავს, რომ მე 31 ლარად უნდა გამეყიდა, მაგრამ ჩემი წარმოებით, 24.8 ლარი ღირს დახლზე. ამხელა ეკონომიას ვაკეთებ ჩემი წარმოებით და ზედმეტი რგოლების ამოღებით.

ჩვენი კომპანია მუდმივად ცდილობს ხარჯების ოპტიმიზაციას და ამ ყველაფრის გაუმჯობესებას, იქნება ეს კომუნალური ხარჯების შემცირება თუ ნაშთების კონსერვაცია, როცა მალფუჭებადი ხილ-ბოსტნეული არ მიდის ჩამოწერაში: 2 მილიონი ლარის ღირებულების პროდუქცია გადავარჩინეთ, გადავამუშავეთ და შევქმენით ახალი პროდუქტი, რომელმაც ახალი შემოსავალი უნდა დააგენერიროს. ასეთი ეფექტური გადაწყვეტილებებით ვცდილობთ ხარჯების შემცირებას", - ამბობს გიორგი ჯაშიაშვილი.

"აგროჰაბის" კომერციული დირექტორი ანა გახარიაც ადასტურებს, რომ პროდუქტზე ხელმისაწვდომი ფასის შენარჩუნებას საკუთარი წარმოება უწყობს ხელს.

"გამომდინარე იქიდან, რომ ერთი კომპანიის ჭრილშია რამდენიმე წარმოება, საშუალებას გვაძლევს ხარჯები ოპტიმალურად გადავანაწილოთ და სულგუნს არ დაერიცხოს ხარჯის 100%. წარმოების დივერსიფიკაციით, 13 მიმართულების საამქრო და წარმოება გვაქვს, ყველა პირველადი მოხმარების პროდუქტს ვაწარმოებთ, რას საშუალებას გვაძლევს, მაქსიმალურად ხელმისაწვდომი პროდუქტი შევქმნათ, ფასისა და ხარისხის კორელაციით", - ამბობს ანა გახარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები