მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აგროლეინის“ წარმოებული ქართული მოცვი ექსპორტზე ინდოეთში გავიდა

63ea3c5fc5b55
თინათინ ნატმელაძე
13.02.23 17:56
635
მოცვის მწარმოებელმა კომპანია „აგროლეინმა“ გასულ წელს პროდუქტი ექსპორტზე ინდოეთში გაიტანა, - ამის შესახებ კომპანიის მმართველმა პარტნიორმა გიორგი ღვინიაშვილმა BM.GE-ს განუცხადა.

მისივე ცნობით, პირველ ეტაპზე სატესტო რაოდენობა გაიგზავნა, თუმცა ორმხრივი დადებითი უკუკავშირი მიმდინარე წელს თანამშრომლობის გაღრმავების იმედს იძლევა.

„ჩვენი პროდუქციის 80% ექსპორტზე გადის, ძირითადი სარეალიზაციო ბაზრები სპარსეთის ყურის ქვეყნებია, თუმცა გასულ წელს პირველად დაიშვა ინდოეთში ქართული პროდუქციის იმპორტი და ჩვენც სატესტო რაოდენობა, 500-700 კილოგრამი ნედლი მოცვი, სამჯერ გავგზავნეთ. ამასთანავე ინდოეთში გავიტანეთ ერთი კონტეინერი გაყინული მოცვიც.“ - აცხადებს გიორგი ღვინიაშვილი.

ახალ საექსპორტო ბაზარზე შესვლის მიუხედავად „აგროლეინის“ მმართველი პარტნიორი მიმდინარე წელს გამოკვეთილ სირთულეებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ძირითადი დაბრკოლება კლიმატური პირობები იყო.

„ძალიან ხშირი წვიმის გამო მოცვის საკმაოდ უხარისხო მოსავალი მოვიდა, ამიტომ დიდი რაოდენობის გაყინვა მოგვიწია, გაყინული მოცვის ფასი ბევრად დაბალია, ვიდრე ნედლის, ამიტომ საერთო ჯამში, ჩვენი პროდუქტის საშუალო ფასი გასულ წელს ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე 2021 წელს.

საერთო ჯამში, 250 ტონა მოცვი გადავამუშავეთ, პროდუქტი ჩვენი პლანტაციების გარდა, ადგილობრივი პლანტატორებისგანაც ჩავიბარეთ, ჩვენი საწარმოს მაქსიმალური წარმადობა კი 400 ტონაა.“ - განმარტავს ღვინიაშვილი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს ისრაელსა და ევროკავშირის ქვეყნებში გეგმავენ შესვლას.

„იმედი გვაქვს, რომ ისევე, როგორც ინდოეთში, ისრაელშიც დაიშვება ქართული პროდუქტის იმპორტი და შევძლებთ ამ ქვეყნის ბაზარზე შესვლას, უკვე აქტიურად ვმუშაობთ პოტენციურ კლიენტებთან.

ასევე, ახლახან ვიმყოფებოდით გერმანიის საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც საკმაოდ ბევრი საჭირო კონტაქტი დავამყარეთ, რაც იმის ფიქრის საფუძველს გვაძლევს, რომ უახლოეს მომავალში ევროკავშირის ქვეყნებში შესვლასაც მოვახერხებთ.“ - ამბობს გიორგი ღვინიაშვილი.

ინფორმაციისთვის, ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოდან მოცვის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა და 2022 წელს მოცვის, შტოშის და სხვა კენკრის რეალიზებით საქართველომ 8 მილიონ 519 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. შედეგად მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე ქვეყნიდან 1 392 ტონა საქონელი გაიყიდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით მოცვის მოცულობა 2021 წელთან შედარებით 46%-ით, ხოლო ღირებულება 50%-ით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ „აგროლეინი“ მოცვს 2010 წლიდან აწარმოებს. სოფელ ვარციხეში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. ინვესტიციამ 2 მილიონ ლარს გადააჭარბა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები