მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამეგრელოში $4 მილიონის ინვესტიციით მოცვის გადამამუშავებელი საწარმო იხსნება

63ef482d9ff7c
თინათინ ნატმელაძე
18.02.23 21:28
1281
მოცვის მწარმოებელი კომპანია Golden Farms-ი სამეგრელოში, კერძოდ ქალაქ ხობში $4 მილიონის ინვესტიციით ახალ საწარმოს ხსნის, - ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა ეკატერინე ქვარცხავამ BM.GE-თან განაცხადა და აღნიშნა, რომ ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა მიმდინარე წელს 150 ტონა მოცვის გადამუშავების შესაძლებლობას მისცემთ.

მისივე ცნობით, Golden Farms სენაკსა და ხობში 96 ჰექტარზე გაშენებულ მოცვის პლანტაციებს ფლობს, რის გამოც შეიძლება, რომ კომპანია საქართველოში მოცვის ერთ-ერთ წამყვან მწარმოებლად ჩაითვალოს.

კითხვაზე, რა ფაქტორებმა გადააწყვეტინა მოცვის მწარმოებლებს აღნიშნულ ბიზნესში ინვესტირება, კომპანიის თანადამფუძნებელი გვპასუხობს, რომ საერთაშორისო ბაზარზე ჯანსაღი პროდუქტის, მათ შორის მოცვის მიმართაც მოთხოვნა მზარდია, სწორედ ამიტომ მათი წარმოებაც ძირითადად საექსპორტო, ევროპის, არაბეთის ყურისა და შორეული აღმოსავლეთის ბაზრებზეა გათვლილი, თუმცა სურვილის არსებობის შემთხვევაში, ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილებასაც შეძლებენ.

„ჩვენ ამჟამად გაყიდვების ოფისს როგორც თბილისში, ისე დუბაიშიც ვფლობთ, სწორედ ამას ვთვლით ჩვენი კომპანიის მთავარ უპირატესობად - მნიშვნელოვანი კავშირები გვაქვს მოცვის საერთაშორისო მწარმოებლებთან, წვდომა გვაქვს საერთაშორისო ბაზრებთან და ასევე, ვთანამშრომლობთ ყველაზე ცნობილ სანერგეებთან, რომლებიც ძალიან მაღალი ხარისხის ნერგებს გვაწვდიან და ჩვენი პროდუქტი ხარისხიც შესაბამისია. სწორედ მაღალი, საერთაშორისო სტანდარტი იქნება ის მთავარი ნიშა, რაც ჩვენს ახალ ქარხანასაც უნიკალურს გახდის.

ასევე, საწარმოს ექნება მოდულური თვისება, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ სექციები იმისდა მიხედვით, თუ როგორ გაიზრდება ჩვენი ბიზნესი. გარდა ამისა, შესაფუთი სახლი აღჭურვილი იქნება უახლესი ოპტიკური დახარისხებისა და შეფუთვების ხაზებით, რათა ჩვენი ევროპელი მომხმარებლების მოთხოვნები სრულად დავაკმაყოფილოთ.

დანადგარებიც იქნება ისეთივე, თუ არა უკეთესი, როგორსაც მოცვის საერთაშორისო მწარმოებლები იყენებენ. შენობა-ნაგებობა 1340 კვ.მ-ს მოიცავს და მოიაზრებს სამაცივრე მეურნეობასა და გადასამუშავებელი ხაზისთვის საჭირო სივრცეს. რაც შეეხება გადამუშავების სიმძლავრეს, თუ აქამდე ერთი ტონა მოცვის გადამუშავებას 24 საათი სჭირდებოდა, ახლა ამ საქმის გაკეთება 1.5 საათში იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა ეკატერინე ქვარცხავამ.

Golden Farms-ის თანადამფუძნებლის ინფორმაციით, ქარხანა მიმდინარე წლის მაისში ამოქმედდება, მისი წარმადობა ყოველწლიურად გაიზრდება და 300-500 ტონას მიაღწევს, ამასთან ერთად გაიზრდება დასაქმებულების რაოდენობაც და თუ კომპანია ამ დროისთვის 20 ადგილობრივს ასაქმებს, 2025 წლისთვის 1 000-ზე მეტი სეზონური მუშაკის დასაქმება იგეგმება.

ეკატერინე ქვარცხავა BM.GE-ს გამოწვევების შესახებაც უყვება და აღნიშნავს, რომ ძირითად სირთულეს საქართველოდან დუბაისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ავია გადაზიდვების არ არსებობა წარმოადგენს.

„ეს არის მთავარი გამოწვევა, რომელსაც ექსპორტის დროს ვაწყდებით და როდესაც საერთაშორისო მყიდველები ქართული პროდუქტის შეძენას აპირებენ სწორედ ეს ფაქტი ითვლება მთავარ ნეგატიურ მოვლენად და რისკად. ჩვენ ამ ეტაპზე პროდუქციის გასაგზავნად სამგზავრო ფრენების სივრცეს ვიყენებთ, ამ დროს კი ძალიან ბევრი შეზღუდვაა, რაც პროცესს ართულებს“, - განმარტავს კომპანიის თანადამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ Golden Farms-ის ახალ საწარმოს აშენებაში ძირითადად დამფუძნებლების პირადი ინვესტიციაა განხორციელებული, თუმცა როგორც კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, პროექტის შექმნაში მონაწილეობა „სოფლის განვითარების სააგენტომაც“ მიიღო. აქვე შეგახსენებთ, რომ 2022 წელს საქართველოდან ექსპორტზე 1 392 ტონა მოცვი გავიდა, რის შედეგადაც ქვეყანამ 8 მილიონ 519 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები