მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაიაფდა მოცვი? - "აგრითაჩის" განმარტება

649d43ef896df
თინათინ ნატმელაძე
29.06.23 12:44
18350
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მოცვის ფასი საგრძნობლად შემცირდა. როგორც ფერმერები აღნიშნავენ, თუ სეზონის დასაწყისში, ანუ დაახლოებით ერთი თვის წინ, ერთი კილოგრამის ფასი 20 ლარი იყო, ახლა საფასური 7-დან 10 ლარამდე მერყეობს.

სექტორის წარმომადგენლები ჩვენთან საუბრისას ჰყვებიან, რომ საფასურის გაიაფება რუსეთში მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენებმა განაპირობა, ვინაიდან გამომდინარე იქიდან, რომ მოცვის ადგილობრივი მწარმოებლების გასაღების ძირითადი ბაზარი რუსეთია, ფასების ცვალებადობაც ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზეა დამოკიდებული.

"ყოველწლიურად მოსავლის 90% სწორედ რუსეთში გადის, ამიტომ იმის გამო, რომ მხოლოდ ერთ ბაზარზე ვართ დამოკიდებული, მოცვის ფასს რუსეთში არსებული მდგომარეობა აკონტროლებს, შესაბამისად, როგორც კი რუსეთში სიტუაცია აირევა, ჩვენთან მოცვი იაფდება, იმიტომ რომ მანქანები ჩერდება და პროდუქცია ექსპორტზე ვეღარ გადის", - აცხადებს "აგრითაჩის" გენერალური დირექტორი, დათო მაყაშვილი.

მისივე ცნობით, რუსეთის ბაზრის არასტაბილურობა, რა თქმა უნდა, მწარმოებლებს ბაზრების დივერსიფიცირებისკენ უბიძგებთ, თუმცა ეს საკმაოდ რთული პროცესია, რადგან სხვა ქვეყნებში შესვლას სხვადასხვა სტანდარტის დაკმაყოფილება და სათანადო გამოცდილება სჭირდება.

"ჩვენ რომ ბაზრების დივერსიფიკაცია გვქონდეს გაკეთებული, რუსეთში მიმდინარე მოვლენები ჩვენი პროდუქციის ფასზე ასე მძლავრად არ აისახებოდა. მოცვს პირდაპირ ბაღიდან ან ფერმიდან ვერ გაყიდი, გჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, წინასწარი გაცივების კამერები, შესანახი კამერები, უნდა იცოდე როგორ გადაზიდო, შესაბამისად, ვისაც გამოცდილება და შესაბამისი ინფრასტრუქტურა აქვს, ცდილობს, რომ სხვა ქვეყნებშიც გავიდეს, თუმცა საქართველოში საწარმოების უმეტესობას ამის დეფიციტი აქვს, რუსეთში ექსპორტი კი დისტანციის გამო ბევრად მარტივია, ამიტომ ფერმერებიც ამაზე აკეთებენ არჩევანს", - ამბობს "აგრითაჩის" გენერალური დირექტორი.

BMG-ის კითხვაზე, ბოლო პერიოდში საქართველოში მოცვის ბაღების რაოდენობის ზრდა ხომ არ განაპირობებს პროდუქციის ზოგადი საფასურის კლებას, დათო მაყაშვილი გვპასუხობს, რომ როცა ქვეყანა მასობრივ წარმოებაზე გადავა და კონკურენციაც გაიზრდება, მოცვის საფასურიც დაიკლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები